Thumbnail

‘პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი’ – სფფ სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თავისი არგუმენტები წარმოადგინა
  • ქვეყნის პრეზიდენტმა ქალთა ფეხბურთზე ორიოდ დღის წინ ისაუბრა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “მისი არასწორი ინფორმირება და შეცდომაში შეყვანა მოხდა”.

ზურაბიშვილმა ქართულ ფეხბურთზე ორიოდ დღის წინ ლანჩხუთში ისაუბრა, როდესაც გურიის საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა, სარებილიტაციო სამუშაოებით კმაყოფილება გამოთქვა და მომავალში ქალთა ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარება ისურვა.

სფფ-ს სპეციალური განცხადება სწორედ ამ უკანასკნელი ფრაზას მოჰყვა.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და კრიტიკას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ, ქალთა ფეხბურთის მიმართულებით გამოჩენილი უყურადღებობის გამო.

დარწმუნებული ვართ, რომ მოხდა ქალბატონი პრეზიდენტის არასწორი ინფორმირება და მისი შეცდომაში შეყვანა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ქალთა ფეხბურთის განვითარება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა.

ამის ერთ-ერთი დასტურია ის, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველო 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოსთან ერთად ევროპის 7 უძლიერესი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

ჩამოყალიბდა 4 ეროვნული ნაკრები. უკვე მეხუთე წელიწადია, რეგულარულად ტარდება ქალთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც დასაწყისისთვის 6, 2017 წლიდან კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 10 გუნდი მონაწილეობს. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ 2019 წელს პირველად გაიმართა საქართველოს თასის გათამაშება ქალთა შორის”.

კომენტარები

ბოლო ამბები