Thumbnail
  • 21 წლის ნახევარმცველმა დონეცკის ოლიმპიკში პირველსავე მატჩში გაიტანა
  • თემურ ჩოგაძემ თურქულ შეკრებაზე ვიტორულთან სპარინგში ანგარიში გახსნა 

დონეცკის ოლიმპიკში ახლახან გადასული თემურ ჩოგაძე საკონტროლო მატჩში გატანილი გოლით გამოირჩა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის ფლანგის ნახევარმცველმა, რომელიც ოლიმპიკთან ერთად თურქეთში შეკრებაზე იმყოფება, თავი რუმინულ ვიტორულთან ამხანაგურ შეხვედრაში გამოიჩინა.

ოლიმპიკმა ვიტორულს 2:1 სძლია, ანგარიში კი სწორედ ჩოგაძემ გახსნა. ქართველმა ლეგიონერმა, რომელიც უკრაინული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, გოლი მე-10 წუთზე გაიტანა, მოედანზე კი პირველი ტაიმი გაატარა.

📺 ოლიმპიკი 2:1 ვიტორული (მიმოხილვა)

უკრაინული გუნდი, რომელსაც ესპანელი ვისენტე გომესი წვრთნის, შეკრებაზე მორიგ საკონტროლო მატჩს 18 იანვარს, აზერბაიჯანული საბაილის წინააღმდეგ ჩაატარებს.

თემურ ჩოგაძე დონეცკის ოლიმპიკში გადაბარგებამდე ქუთაისის ტორპედოში, რუსთავში, დინამო ბათუმსა და საბურთალოში გამოდიოდა. მის ანგარიშზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ჩატარებული ორი მატჩია.

დონეცკის ოლიმპიკი პრემიერ ლიგის 12 კლუბს შორის 18 ქულით მე-9 პოზიციაზეა და ზედა ექვსეულისთვის იბრძვის - 4 ქულით ჩამორჩება მე-6 ადგილს.

კომენტარები

ბოლო ამბები