Thumbnail

არველაძის მოულოდნელი შენაძენი – მას ბუნდესლიგაში 27 გოლი აქვს გატანილი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • შოთა არველაძის ფახთაქორმა შვეიცარიელი ფორვარდი გადაიბირა
  • ერენ დერდიოკს ლევერკუზენსა და ჰოფენჰაიმში 127 მატჩი უგროვდება

ტაშკენტის ფახთაქორმა, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, მოულოდნელი ტრანსფერი განახორციელა.

უზბეკური ფეხბურთის ლიდერთან კონტრაქტი გააფორმა ცნობილმა შვეიცარიელმა ფორვარდმა ერენ დერდიოკმა, რომელსაც არაერთ ძლიერ კლუბში უთამაშია და ამ ეტაპისთვის, ვეტერანიც არ ეთქმის.

შოთა არველაძე

31 წლის დერდიოკი ბაზელში გახლავთ დაბადებული და კარიერის დასაწყისში მშობლიური კლუბის ღირსებას იცავდა, სამშობლოში ოლდ ბოისშიც უთამაშია, შემდეგ კი, ლევერკუზენისა და ჰოფენჰაიმისა მაისურით ბუნდესლიგაში 127 მატჩი აქვს ჩატარებული და 27 გოლი გაუტანია.

2014 წლიდან მოყოლებული, ერენი თურქეთის სუპერლიგაში თამაშობდა და ქაშიმფაშას, გალათასარაისა და გიოზთეფეს ღირსებას იცავდა.

მას შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 60 მატჩში 11 გოლი უგროვდება.

საინტერესოა, რომ არველაძე 2012-15 წლებში სწორედ ქაშიმფაშას წვრთნიდა, ამდენად, შვეიცარიელი თავდამსხმელის შესაძლებლობები კარგად უნდა იცოდეს.

ქართველი სპეციალისტი თავად ესწრებოდა ახალწვეულის წარდგენას, რომელიც ფახთაქორის რიგებში პირველ მატჩს 10 თებერვალს აზიის ჩემპიონთა ლიგაში ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ შოთა უზბეკეთის საუკეთესო გუნდს 2017 წლიდან ავარჯიშებს, გასულ სეზონში კი დუბლი შეასრულა – ფახთაქორმა ჩემპიონატიც მოიგო და თასიც.

ამ დროისთვის, არველაძის გუნდი შეკრებაზე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: რუსულ როსტოვთან, სლოვაკურ ჟილინასთანა და სამხრეთკორეულ სუვონთან.

📺 დერდიოკის ულამაზესი "მაკრატელა" ვოლფსბურგთან მატჩში

კომენტარები

ბოლო ამბები