Thumbnail

ჩახლართული ფორმატი - როგორ უნდა გავიდეს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე?

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მსოფლიოს ჩემპიონატი 2019 წლის სექტემბერს ჩინეთში გაიმართება.
  • საკალათბურთო მუნდიალზე 12 ევროპული ნაკრები ითამაშებს.
  • საქართველოს ნაკრების მიზანი ამ 12 გუნდს შორის მოხვედრაა.

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ასპარეზობს. ილიას ზუროსის გუნდის მიზანი 2019 წლის მუნდიალზე მოხვედრაა, რომელიც ჩინეთში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებს გულშემატკივარი არ აკლია, რაც გერმანიასთან საშინაო მატჩმაც დაადასტურა, თუმცა ბევრმა არ იცის თუ რა გზა უნდა გაიაროს ზუროსის გუნდმა რომ მიზანს მიაღწიოს და მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვოს. მით უმეტეს, ეს გზა საკმაოდ ჩახლართულია...

რა გზა უნდა გაიაროს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად?

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 4 ზონად არის დაყოფილი: ევროპა, აზია, აფრიკა და ამერიკა. საქართველოს ნაკრები ევროპულ ზონაში ასპარეზობს.

2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას და მათ შორის 12 ევროპული. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ამ 12 ნაკრებს შორის უნდა მოხვდეს.

ევროპულ ზონაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე 32 ქვეყნის ნაკრები ჩაება, რომლებიც 8 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრებს G ჯგუფში გერმანიასთან, სერბეთთან და ავსტრიასთან უწევს კონკურენცია.

თითო ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3 გუნდი გადის - შესაბამისად, 8 ნაკრები ეთიშება ასპარეზობას, 24 გუნდი კი მომდევნო ეტაპზე გადავა

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზეა და ბოლოადგილოსან ავსტრიასთან სახლში უწევს დაპირისპირება, მომდევნო ეტაპზე გასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

რა იქნება შემდეგ?

მომდევნო ეტაპზე გასული 24 ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდება. შესაბამისად, თითო ჯგუფში 6 ნაკრები მოხვდება.

აქედანვე ცნობილია რომ G ჯგუფი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, მეორე ეტაპზე H ჯგუფთან დაწყვილდება, რომელშიც საბერძნეთი, ისრაელი, ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი თამაშობენ.

სწორედ ამ ორი ჯგუფის საუკეთესო სამეულები შეერთდებიან და დაკომპლექტდება ახალი, 6-გუნდიანი ჯგუფი. ამ დროისთვის, H ჯგუფის აუტსაიდერი 4 მატჩიდან 4 მარცხით დიდი ბრიტანეთია.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მეორე ეტაპზე გუნდებს პირველი ჯგუფის ურთიერთშეხვედრებში მოგროვებული ქულები გადაყვებათ და ერთმანეთში აღარ მოუწევთ ასპარეზობა

ანუ, თუ საქართველოს ნაკრები გერმანიასთან და სერბეთთან ერთად მომდევნო ეტაპზე გადავა, ამ გუნდებს აღარ შეხვდება და გასვლა-სახლის ფორმატით ითამაშებს H ჯგუფიდან დაწინაურებულ გუნდებთან - დღევანდელი მდგომარეობით: საბერძნეთთან, ისრაელთან და ესტონეთთან.

საქართველოს ნაკრებმა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ პირველი ეტაპის ორივე დარჩენილი შეხვედრა მოიგოს, რადგან სერბეთთან მოპოვებული ქულები ზუროსის გუნდს მეორე ეტაპზეც გადაყვება, ბოლოადგილოსანი ავსტრიის დამარცხებით მიღებული ქულები კი ანულიერდება.

როდის ჩატარდება მეორე ეტაპის შეხვედრები?

მეორე ჯგუფური ეტაპის შეხვედრებისთვის 3 ფანჯარაა გამოყოფილი: 2018 წლის სექტემბერი, 2018 წლის ნოემბერი და 2019 წლის თებერვალი.

სექტემბერში ევროლიგის მოთამაშეები თავისუფლები არიან და საქართველოს ნაკრებს შეუძლია ლიდერების იმედი ჰქონდეს, ნოემბერსა და თებერვალში კი ამ მხრივ, ვითარება რთულდება. თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ იქამდე ფიბა და ევროლიგა საერთო ენას გამონახავენ და მოთამაშეებს ნაკრებში თამაშის პრობლემა აღარ შეექმნებათ.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფორმატიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს მეორე ეტაპზე კონკურენტებისთვის ფორა ექნება ამოსაქაჩი და ილიას ზუროსს აუცილებლად დასჭირდება ლიდერების დახმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები