Thumbnail

არც ბენფიკა, არც სპორტინგი - გიორგი მაკარიძე ზამთარში კლუბს არ შეიცვლის

  • სეტუბალის მეკარის მოსალოდნელ ტრანსფერზე კლუბის პრეზიდენტმა ისაუბრა
  • ვიტორ უგო ვალენტეს თქმით, 29 წლის ქართველი ზამთარში გუნდს არ შეიცვლის
  • მანამდე დაიწერა, რომ გიორგის გადაბირება ბენფიკასა და სპორტინგს სურდათ 

საქართველოს ნაკრებისა და პორტუგალიური სეტუბალის მეკარე გიორგი მაკარიძე, გავრცელებული ხმების მიუხედავად, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს არ შეიცვლის. 

იანვრის დასაწყისში პორტუგალიური სპორტული მედია იუწყებოდა, რომ 29 წლის ქართველი მეკარის გადაბირებით ლისაბონური კლუბები: სპორტინგი და ბენფიკა ინტერესდებოდნენ, თუმცა სეტუბალის პრეზიდენტმა ვიტორ უგო ვალენტემ ახლახან TVI24-ის ეთერში დაბეჯითებით განაცხადა, რომ ხმები უსაფუძვლოა და მაკარიძე გუნდში დარჩება. 

"მაკარიძე არც ბენფიკაში გადავა და არც სპორტინგში", - განაცხადა ვალენტემ.

გიორგიმ ამ სეზონში პენალტი ორჯერ მოიგერია

საქართველოს ნაკრების მეკარე პორტუგალიაში 2014 წლიდან თამაშობს, სეტუბალის ღირსებას კი 2019 წლის იანვრიდან იცავს. მიმდინარე სეზონში გიორგიმ გუნდის ღირსება პრიმეირა ლიგის 15 მატჩში დაიცვა, საიდანაც 8-ში კარი "მშრალად" შეინახა და მხოლოდ 13 გოლი გაუშვა, რაც სეტუბალის დონის გუნდის მეკარისთვის ძალიან კარგი შედეგია. გასული წლის დეკემბერში მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის სამ საუკეთესო მეკარეს შორისაც დაასახელეს.

ქართველი მეკარით პორტუგალიური გრანდების დაინტერესების შესახებ უკვე არაერთხელ დაიწერა, თუმცა, კონკრეტულ შეთავაზებამდე, ჯერ საქმე არ მისულა.

პორტუგალიის ჩემპიონატში გასული 16 ტურის შემდეგ, სეტუბალს 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. გიორგიმ ჩემპიონატის ბოლო მატჩი სპორტინგთან (1:2) ავადმყოფობის გამო გამოტოვა, მომდევნო ტურის შეხვედრა გუნდს კი 19 იანვარს, სტუმრად ბელენენსეშთან უწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები