Thumbnail

ჰარი კეინი ევრო 2020-ს გამოტოვებს? კიდევ ერთი ცუდი პროგნოზი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტოტენჰემისა და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელს შესაძლოა კიდევ 6 თვე გაუცდეს 
  • 26 წლის ფეხბურთელის მდგომარეობაზე ცნობილმა ქირურგმა კრის უილსონმა ისაუბრა

არსებობს ეჭვი, რომ ლონდონის ტოტენჰემისა და ინგლისის ნაკრების კაპიტანი ჰარი კეინი, ევროპის ჩემპიონატისთვის მწყობრში ჩადგომას ვერ მოასწრებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული ფორვარდის დაბრუნებას აპრილში ვარაუდობენ, ცნობილი ბრიტანელი ქირურგი კრის უილსონი აცხადებს, რომ კეინს ექვსი თვე მაინც გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინგლისელთა ეროვნული გუნდის მთავარი იმედი ვერც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.

"ვფიქრობ, რომ ის დაახლოებით ექვს თვეს გამოტოვებს. მისთვის ოპერაცია მე რომ ჩამეტარებინა, დაუფარავად ვეტყოდი, რომ დაბრუნების იმედი სეზონისწინა პერიოდისთვის უნდა ჰქონოდა. ვიცი, რომ კეინის შემთხვევაში საუბრობენ მის აპრილსა თუ მაისში დაბრუნებაზე, მაგრამ ძალიან გამიკვირდება, თუ ეს ასე მოხდება", - ამბობს უილსონი.

ჰარი კეინმა ტრავმა საუთჰემპტონთან მატჩის დროს მიიღო

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინმა დაზიანება ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩში, საუთჰემპტონთან მიიღო, რომელიც 1-ელ იანვარს გაიმართა და “წმინდანების” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ფორვარდი იძულებული გახდა, მოედანი 75-ე წუთზე დაეტოვებინა.

მოგვიანებით ტოტენჰემმა განცხადება გაავრცელა, რომ კეინს მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული და ოპერაცია სჭირდება, ვარჯიშს კი აპრილიდან განაახლებს. სულ ახლახან ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, ჰარი კეინის მდგომარეობაზე დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა: 

"ვვარაუდობთ, რომ ის აპრილის შუა რიცხვებამდე დაგვაკლდება ან აპრილის ბოლომდე, ან მაისის ბოლომდე, ან მომდევნო სეზონამდე. არ ვიცი".

📋 მეტი ამ თემაზე:

ჰარი კეინი ლონდონის ტოტენჰემის აღზრდილია. მიმდინარე სეზონში მან ინგლისის ჩემიონატის 20 მატჩში ითამაშა და 11 გატანილი გოლითა და 2 საგოლე პასით გამოირჩა. პრემიერლიგაში გასული 22 ტურის შემდეგ, მოურინიოს გუნდს 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, კონტინენტის 12 ქალაქში ჩატარდება. გარეტ საუთგეიტის გუნდი D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი ორი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია - ხორვატია და ჩეხეთი.

კომენტარები

ბოლო ამბები