Thumbnail

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში პირველი მატჩი ჩაატარა და თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთთან ფრეს დასჯერდა, 24:24 (11:10). წინ საპასუხო შეხვედრაა, რომელიც ფინეთში გაიმართება. თბილისური მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა და მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს...

ნიკოლა მაქსიმოვიჩი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

“ეს მხოლოდ პირველი ნახევარი იყო. მეორე ტაიმი ფინეთში გველოდება. ეს იყო თამაში, რომელშიც შეგვეძლო როგორც მოგება, ისე წაგება. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და თავი არ დაზოგა. დარწმუნებული ვარ, რომ გამოვასწორებთ შეცდომებს, ფინეთში კი მოსაგებად მივდივართ. როგორც ხედავთ, ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელიც ასეთ მატჩებში უდიდეს გამოცდილებას იღებს. მჯერა, რომ გასვლით შეხვედრაში საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ, მოვიგებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ. გპირდებით, რომ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ამ გუნდს კი დიდი მომავალი აქვს”.

ერეკლე არსენაშვილი (საქართველოს ნაკრები)

“პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს. დაძაბული და სანახაობრივი თამაში იყო. გავაანალიზებთ დაშვებულ შეცდომებს და უფრო მეტი შემართებით წავალთ ფინეთში საპასუხო მატჩის ჩასატარებლად. მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა”.

გიორგი ცხოვრებაძე (საქართველოს ნაკრები)

“მატჩის საუკეთესო მოთამაშე გავხდი, თუმცა რომ შემეძლოს, ამ სტატუსს მოგებაზე გავცვლიდი. ძალიან ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებამდე. ბოლოში რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რაც მომავალში აღარ უნდა გავიმეოროთ. წინ მეორე მატჩია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომ დღევანდელ შეხვედრაში მხარი დაგვიჭირეს”.

კომენტარები

ბოლო ამბები