Thumbnail

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში პირველი მატჩი ჩაატარა და თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთთან ფრეს დასჯერდა - 24:24 (11:10).

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მიუხედავად იმისა, რომ როგორც მასპინძლები, ასევე სტუმრები რამდენიმე ეპიზოდში სამ-სამი ბურთით იყვნენ წინ, ყველაფერი ბოლო წუთებზე გაირკვა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მოგებასთან უფრო ახლოს სტუმრები იყვნენ, რომლებიც დასკვნით წამებზე ხელსაყრელი პოზიციიდან 2-ჯერ უტევდნენ, თუმცა, საქართველოს ნაკრების მეკარე შოთა თევზაძემ, რომელიც მანამდეც გამორჩეული იყო, ჩინებულად ითამაშა.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ფრანგული მონპელიეს შუამარბი გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც 8 გოლი გაიტანა, ერეკლე არსენაშვილმა და თეიმურაზ ორჯონიკიძემ კი 5-5 ბურთი შეაგდეს.

განმეორებითი შეხვედრა ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკიში 19 იანვარს შედგება, ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული კი ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს, რომელიც სტარტს წლეულსვე ოქტომბრიდან აიღებს. თუკი ფინური ბარიერი დავძლიეთ, თბილისში ევროპის უძლიერესი ნაკრებები გვეწვევიან და ეს, ქართული ხელბურთისთვის თვისობრივად ახალი ეტაპი იქნება.

მთავარ შესარჩევ რაუნდში 32 ადგილია - არ ითამაშებენ მხოლოდ ფინალური ტურნირის მასპინძლები - უნგრეთი და სლოვაკეთი, ასევე ევროპის 2020 წლის ჩემპიონი და ფინალისტი. გუნდები 8 ჯგუფში გადანაწილდებიან და ორ წრედ ითამაშებენ, ფინალურ ეტაპზე კი 2-2 საუკეთესო და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი - ანუ 32-დან 20 ნაკრები გავა.

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი

16 იანვარი, თბილისი, სპორტის სასახლე. პირველი თამაში

საქართველო-ფინეთი 24:24 (11:10)

საქართველო: თევზაძე (15 მოგერიება), ცინცაძე - ცხოვრებაძე 8, არსენაშვილი 5, ორჯონიკიძე 5, ჩიქოვანი 3, რუსტამოვი 1, წითელიშვილი 1, დიხამინჯია 1, ჭანტურია, კბილაშვილი, მაისურაძე, აბრამიშვილი, კალანდაძე, მიქავა, გოგოლაძე.

ფინეთი: მაკელა (16) როსლანდერი -  ტამინენი 6, რონბერგი 5, სიურიალა 4, შომანი 3, მარტინი 3, მ. გრანლუნდი 1,  კოლიონენი 1, სუნდბერგი 1, კილსტედტი, ფორსი, ჰელანდერი, რ. გრანლუნდი, საკინენი.

კომენტარები

ბოლო ამბები