Thumbnail
  • ნიკა საბანაძის სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით მიმდინარეობს
  • მოედანზე დაბრუნების ალბათობა 80%-მდეა გაზრდილი

ეროვნული ლიგის გასული სეზონის პირველ წრეში, ნიკა საბანაძე დინამო ბათუმის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, თუმცა მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მკურნალობს. იყო რისკი, რომ ნიკას კარიერა დაესრულებინა და ამის მცირე ალბათობა დღესაც არსებობს, თუმცა მთლიანობაში, სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით მიმდინარეობს და მისი დაბრუნების შანსიც 80%-მდეა გაზრდილი. ნიკა დინამო ბათუმს თურქულ შეკრებაზე მიყვება, მანამდე კი პოპსპორტის კითხვებს უპასუხა...

popsport: პირველ რიგში, გულშემატკივარს აინტერესებს, როგორია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

საბანაძე: ჯერ კიდევ ვებრძვი ტრავმას, თუმცა თურქეთში გავლილმა მკურნალობის კურსმა დადებითი შედეგი გამოიღო და დღეს უკეთესი ვითარებაა. 80%-ია იმის შანსი, რომ გადავლახო ეს პრობლემები და დავუბრუნდე ფეხბურთს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. დინამო ბათუმს თურქულ შეკრებაზე მივყვები, სადაც ინდივიდუალურად ვივარჯიშებ და ესეც მნიშვნელოვანი ეტაპია რეაბილიტაციის პროცესში. ჯერ კიდევ ვერ გეტყვით, როდის დავიწყებ სრულფასოვან ვარჯიშს და როდის დავუბრუნდები მოედანს.

'მჯერა, რომ ახალ ეტაპს დინამო ბათუმთან ერთად სწორედ ახალ სტადიონზე დავიწყებ'

popsport: მიუხედავად იმისა, რომ მზად არ ხარ მოედანზე დასაბრუნებლად, თურქულ შეკრებაზე მაინც მიყვები გუნდს...

საბანაძე: დიახ, ასეა. დინამო ბათუმი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და თითოეულ მათგანზე გული მწყდება, მაგრამ ამავე დროს, ვაცნობიერებ, რამხელა მხარდაჭერა გამომიცხადა კლუბმა. ასეთი ტრავმის მიუხედავად, გუნდში დამტოვეს. პირველ რიგში, დიდი მადლობა კლუბს და პირადად გია გეგუჩაძეს ამისთვის. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ დავძლიო ეს ტრავმა, მაგრამ ჯერ კიდევ არის იმის ალბათობა, რომ მოედანს ვერ დავუბრუნდე. ამ 5 თვის განმავლობაში თავი არასდროს მიგვრძნია ზედმეტად და მარტო. ამ მხარდაჭერას არასდროს დავივიწყებ.

popsport: ახალი სეზონისთვის დინამო ბათუმი გაძლიერებული შემადგენლობით ემზადება. როგორ აფასებ გუნდში არსებულ ვითარებას?

საბანაძე: რთული სეზონი გვქონდა და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან არავინ ელოდა ჩვენგან ჩემპიონობისთვის ბრძოლას, შემდეგ ყველას გული დაგვწყდა რომ მეორე ადგილს დავჯერდით. ახალი სეზონისთვის დიდი ენთუზიაზმია გუნდში და ამას ახალი ფეხბურთელებიც უწყობენ ხელს. მათე ცინცაძეს კარგად ვიცნობდი და ის ძალიან გააძლიერებს დინამო ბათუმს. იგივე შემიძლია ვთქვა ვაგნერ გონსალვეშზე. რაც შეეხება 17 წლის ბრაზილიელ ტალანტს, არ ვიცნობ მას, თუმცა მჯერა, რომ გაამართლებს იმედებს.

წაიკითხე 'საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი' - 17 წლის ბრაზილიელი დინამო ბათუმში

popsport: დინამო ბათუმი ახალ სეზონს ახალ სტადიონზე ჩაატარებს. რამდენად დიდი სტიმულია ეს შენთვის, რომ დაძლიო პრობლემები და დაუბრუნდე ფეხბურთს?

საბანაძე: ემთვის ეს ტრავმა დიდი სტრესი იყო. როგორია, მიდიხარ სტადიონზე, ხედავ სავსე ტრიბუნას და გუნდს ვერაფრით ეხმარები. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ თავიდან ვიბადები და მჯერა, რომ ახალ ეტაპს დინამო ბათუმთან ერთად სწორედ ახალ სტადიონზე დავიწყებ. თუ ჩემი მიზანი შესრულდა და მოედანს დავუბრუნდი, 200%-ით დავიხარჯები და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ.

popsport: 2020 წელს, დინამო ბათუმის გულშემატკივრები საქართველოს ჩემპიონობას და ევროპალიგაზე წარმატებულ გამოსვლას ელიან...

საბანაძე: დინამო ბათუმს რომ გამორჩეული გულშემატკივრები ჰყავს, ეს უკვე ყველამ იცის. ნებისმიერ ამინდში, ნებისმიერ სტადიონზე, მხარდაჭერა არ მოგვკლებია. მინდა მათ ყველაფერი კარგი ვუსურვო და მათ შორის, საყვარელი გუნდის წარმატება. მინდა, რომ რაც 2019 წელს ვერ გავაკეთეთ, 2020 წელს მოვახერხოთ: მოვიგოთ ჩემპიონატი და გავახაროთ გულშემატკივარი. ვფიქრობ, ის დროც დადგა, რომ ქართულმა გუნდმა ევროთასის ჯგუფში შეაღწიოს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გუნდი დინამო ბათუმი იყოს.

საბანა ძალიან გვაკლია! ✊

საბანა ძალიან გვაკლია! ✊ 🏥 ნიკოლოზ საბანაძეს ხერხემლის მალთაშუა თიაქარი აწუხებს, მკურნალობის კურსს გადის, თუმცა მოედანზე მისი დაბრუნების თარიღი ჯერ უცნობია...

Posted by FC Dinamo Batumi on ოთხშაბათი, 18 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები