Thumbnail
  • მიხეილ ბერიშვილმა წელი ძალიან შედეგიანად დაიწყო
  • ქართველი ლეგიონერების გუნდი ლიდერობას ინარჩუნებს

32 წლის ქართველმა კალათბურთელმა მიხეილ ბერიშვილმა ყატარის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

ბერიშვილისა და გიორგი ცინცაძის ალ შამალმა ალ გარაფას 83:80 სძლია, მიხეილმა კი შეუცვლელად ითამაშა და შეხვედრის უძვირფასესი კალათბურთელი (MVP) გახდა.

40 წუთში ბერიშვილის მონაგარი 27 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო.

ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 3 ორქულიანი, 10-დან 6 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 36-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

სათქმელია ისიც, რომ წლეულს მიშა განსაკუთრებით შედეგიანად თამაშობს და მისი საშუალო მონაგარი უკვე 18.4 ქულა, 7.7 მოხსნა და 3.7 პასია.

გიორგი ცინცაძე

მასპინძლებს 13 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა ცინცაძემ, რომელმაც მოედანზე 35:57 წუთი გაატარა.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 5-დან 1 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

ალ შამალმა 9 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 18 იანვარს, სტუმრად, უახლოეს მდევარ ალ ვაკრასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები