Thumbnail

მოგებასთან ახლოს იყო - ტოჩინოშინი ისევ უარყოფით ბალანსზეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი სუმოისტი იაპონელ მეისეისთან დამარცხდა
  • ჰაცუ ბაშო იოკოძუნების გარეშე გაგრძელდება

ქართველი სუმოსტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი 2020 წლის სასტარტო სუპერტურნირზე ისევ უარყოფით ბალანსზე გავიდა, არადა, დღევანდელ ორთაბრძოლაში წარმატებასთან ძალიან ახლოს იყო.

📺 ტოჩინოშინი - მეისეი

ტოჩინოშინი, რომელიც ჰაცუ ბაშოს დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დღეს, აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა მეისეის შეხვდა, რომელთანაც გასული ორივე შერკინება წაგებული ჰქონდა და რევანშის აღება ვერც ამჯერად მოახერხა.

ქართველმა ფალავანმა კარგად დაიწყო, მეტოქე დოჰიოსკენ დაიქნია და მის გასაყვანად 1 მოძრაობაც საკმარისი იყო, თუმცა, იაპონელმა სწრაფი რეაგირება მოახდინა, ჩვენებურს გამოეცალა და ცუკიოტოშის წყალობით, ლევანი მაყურებლებში გადააგდო.

ამგვარად, ტოჩინოშინს ხუთ შერკინებაში 3 წაგება მოუგროვდა, მეისეიმ კი, რომელიც იანვრის სუპერტურნირზე, ქართველის მსგავსად, ტრავმირებული ირჯება, პირველი გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-4 მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ქართველ სუმოისტს მინიმალური უარყოფითი ბალანსი (7 მოგება, 8 წაგება) აქვს.

ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ ჰაცუ ბაშო იოკოძუნების გარეშე გაგრძელდება. მონღოლი ჰაკუჰოს კვალად, შეჯიბრიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო კიდევ ერთმა დიდმა ჩემპიონმა კაკურიუმ. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ტრავმაა, რის გამოც იოკოძუნას მინინუმ 2 კვირა დასვენება სჭირდება. შედეგად, დღეს, მე-2 მაეგაშირა მიტაკეუმის გამარჯვება უბრძოლველად ერგო.

კომენტარები

ბოლო ამბები