Thumbnail

ბუფონი: იტალიას ვჭირდები და მეც მზად ვარ! ჯიჯი ნაკრებში ბრუნდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დი ბიაჯომ ბუფონს ნაკრებში დაბრუნება სთხოვა.
  • ჯიჯი არგენტინასთან და ინგლისთან ითამაშებს.
  • იტალიის ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა კიელინიც დააბრუნა.
  • დარჩება თუ არა 40 წლის მეკარე დიდ ფეხბურთში 2020 წლამდე?

როგორც მოსალოდნელი იყო, ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის ნაკრებში ბრუნდება! ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ 40 წლის ჯიჯი არგენტინასთან და ინგლისთან მარტში დაგეგმილ ტესტ-მატჩებში ითამაშებს.

“იტალიის ნაკრების მიმართ უდიდესი სიყვარულისა და პასუხისმგებლობის განცდის გამო გადავწყვიტე, რომ გუნდისთვის ამ უმნიშვნელოვანეს, გარდამავალ პერიოდში “სკუადრა აძურას” დავეხმარო,” - განაცხადა ბუფონმა იტალიელ ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ ჯიჯიმ სანაკრებო კარიერა შვედეთთან კრახის შემდეგ დაასრულა, თუმცა იტალიის ნაკრებში დაბრუნებას არ გამორიცხავდა.

არგენტინასთან და ინგლისთან თამაში მას “აძურის” დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა ლუიჯი დი ბიაჯომ სთხოვა.

“როცა ეროვნულ გუნდს ვჭირდები, უარის თქმა არ შეიძლება. ეს ნდობის და უდიდესი პასუხისმგებლობის საკითხია. ნაკრები თავიდან ყალიბდება და პირველი მატჩები არგენტინასთან და ინგლისთან ადვილი არ იქნება. ახალი ერის დასაწყისში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი გუნდში საჭიროა,” - დასძინა ბუფონმა.

იტალიის ნაკრები არგენტინას 23 მარტს, მანჩესტერში დაუპირისპირდება, 27 მარტს კი “აძური” ლონდონში ინგლისს შეხვდება.

რაც შეეხება ბუფონის სამომავლო გეგმებს. იტალიურ სპორტულ მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯიჯი დიდ ფეხბურთში 2020 წლამდე დარჩენაზე სერიოზულად ფიქრობს და მისი მიზანი ევრო 2020-ზე ასპარეზობაა. ბუფონმა თქვა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას ივნისში მიიღებს.

“ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ სეზონის ბოლო ნაწილზე ვიყო კონცენტრირებული. სეზონის დასრულების შემდეგ იუვენტუსის ხელმძღვანელებს შევხვდები და ერთად მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას,” - განაცხადა ბუფონმა.

იტალიის ნაკრებში იუვენტუსის ცენტრალური მცველი ჯორჯო კიელინიც ბრუნდება. ეს ინფორმაცია დი ბიაჯომ დაადასტურა.

► დი ბიაჯო: იტალიას ახლა მე უფრო ვჭირდები, ვიდრე გამოცდილი მწვრთნელი!

"ტალანტები აღარ არიან, ტალანტები!" - გულახდილი ინტერვიუ ჯიჯი ბუფონთან

 

კომენტარები

ბოლო ამბები