Thumbnail

‘პატარა ბავშვივით შეათამაშა’ – ტოჩინოშინი დღის პერსონად იქცა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ტოჩინოშინისა და ენჰოს დღევანდელ ორთაბრძოლას, რომელიც ქართველი სუმოისტის შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ჰაცუ ბაშოს მე-4 დღეს ლევან გორგაძემ იაპონელი ჰაერში აიტაცა და 99-კილოგრამიანი მეტოქე, რომელიც ფეხებს უმწეოდ იქნევდა, დოჰიოს მიღმა გადადგა.

ტოჩინოშინისა და ენჰოს შერკინება დღის ყველაზე პოპულარულ თემად იქცა და სოციალურ ქსელში ბევრი მხიარული კომენტარიც გამოჩნდა. აი, რას წერენ იაპონელები:

ამწესავით ასწია
ენჰო ჩამოკიდეს
პატარა ბავშვივით შეათამაშა
ენჰო საცოდავად ქანაობდა
ასეთი რამ მხოლოდ რესტლინგში თუ მინახავს
როგორც ასწია, მის მაგივრად, ზურგი მე მეტკინა
დღის უდავოდ ყველაზე შთამბეჭდავი ორთაბრძოლა
ასეთ სიმაღლეზე ვინმე აეწიოთ, პირველად ვნახე
ტოჩი ოძეკი აღარაა, მაგრამ ამას მასზე მაღლა მდგართაგან ბევრი ვერ გააკეთებდა
ჩემი სამსახური გამახსენა. სუპერმარკეტში ცარიელ ყუთებს ასე ვისვრი ხოლმე

ცხადია, კარგ ხასიათზე ვერ იყო თავად იაპონელი სუმოისტი, რომელმაც ქართველის ფენომენალური გამოსვლა მოკლედ შეაფასა.

“მას ეტყობა, რომ მცირე ხნის წინ ოძეკის წოდებას ატარებდა. საოცარი ძალა აქვს. დღევანდელი ორთაბრძოლა ჩემთვის კარგი გაკვეთილი იქნება”.

თავად ტოჩინოშინმა აღნიშნა, რომ ესოდენ იშვიათი ცურიდაშის განხორციელებაში მეტოქის მცირე წონაც შეეშველა. სხვა მხრივ, მისი ასეთ სიმაღლეზე ატაცება რთული იქნებოდაო.

კომენტარები

ბოლო ამბები