Thumbnail
  • 📅 15 იანვარი | ⌚ 21:00 | 🏀 ზენიტი V ბასკონია
  • ამ გუნდების პირველ მატჩში ქართველმა 20 ქულა მოაგროვა

თორნიკე შენგელიას ბასკონია ევროლიგის მომდევნო მატჩს, დღეს, რუსეთში ჩაატარებს. ესპანურმა კლუბმა 2 923 კმ. დაფარა და სანკტ-პეტერბურგში ზენიტს დაუპირისპირდება.

ამ დროისთვის, ბასკონია 7 მოგებითა და 11 მარცხით მე-13 ადგილზეა, ზენიტს კი მხოლოდ 5 გამარჯვებით ბოლო მე-18 პოზიციაზე უკავია. მიუხედავად ამისა, ბასკებს, რომლებიც საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იმყოფებიან, იოლი გასეირნება არ ელით.

ამ გუნდების პირველ მატჩში, რომელიც გასული წლის 22 ნოემბერს შედგა და ბასკონიელებმა 70:60 მოიგეს, მასპინძლებს სწორედ ქართველმა ფორვარდმა ულიდერა.

თორნიკემ მოედანზე 29:23 წუთი გაატარა, 20 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.

გასული წლის ნოემბერში გამართულ მატჩში თორნიკე შენგელია საუკეთესო იყო

შემთხვევითი არაა, რომ განმეორებითი მატჩის წინ, პეტერბურგელთა ვებ-გვერდი განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ჩვენებურს უთმობს.

“თორნიკე შენგელია ბასკონიას მეფე, ღმერთი და იმპერატორია. ქართველი კალათბურთელი გარკვეული დროის განმავლობაში ევროლიგის ყველაზე სარგებლიანი მოთამაშეც კი იყო, სანამ პირველ ადგილზე შეინ ლარკინი გადაინაცვლებდა.

მიუხედავად ამისა, შენგელიას ფენომენალური სეზონი აქვს და ამ დროისთვის, გუნდში ლამის ყველა მნიშვნელოვან სტატისტიკურ მაჩვენებლებში ლიდერობს. ის პირველია ქულებში (16.9), მოხსნებსა (6.0) და ეფექტურობის კოეფიციენტში (19.7).

თორნიკეს ფონზე, ბასკების სხვა ლიდერები გაცილებით უფერულად გამოიყურებიან, თუმცა, მათ რიგებში მაინც შეიძლება პიერია ჰენრის გამორჩევა. მისთვის, ბასკონია პირველი ევროლიგური კლუბია და ამის გათვალისწინებით, საშუალოდ, 7.6 ქულა, 3.7 მოხსნა და 3.3 პასი კარგ მაჩვენებლად უნდა მივიჩნიოთ”.

ცნობისთვის, შენგელია ბასკონიელთა ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი სასტარტო ხუთეულში აქვს დაწყებული.

ქართველ ლეგიონერს ბოლო 19 მატჩიდან 18-ში მინიმუმ 10 ქულა აქვს ჩაგდებული, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი ორნიშნა რიცხვით უკანასკნელი 17 შეხვედრიდან 16-ში გამოიხატებოდა.

შენგელია ეფექტურობის საშუალო მაჩვენებლით (19.7) ევროლიგაში მე-6 ადგილზეა და ასევე მეეექვსეა საშუალოდ ჩაგდებულ ქულებშიც (16.9).

თორნიკეს შეტევაში 6 მოხსნა სჭირდება, რათა ევროლიგურ კარიერაში ამ სტატისტიკურ მაჩვენებელში 200-ან ნიშნულს უწიოს.

კომენტარები

ბოლო ამბები