Thumbnail

ოლდ ტრაფორდზე 9,58-ნომრიანი მაისურით - უსაინ ბოლტი ფეხბურთელი გახდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსანი ტიტულების მოგებას ფეხბურთშიც აპირებს.
  • 31 წლის უსაინი ლონდონში დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩშიც ითამაშებს.

ცნობილი იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი, რომელმაც კარიერა შარშან დაასრულა, სამხრეთაფრიკულ საფეხბურთო გუნდში - მამელოდი სანდაუნზში ითამაშებს. კლუბმა ამის შესახებ მინიშნება თავის Twitter-ზე გააკეთა და 31 წლის ბოლტის ფოტოსურათიც გამოაქვეყნა, რომელსაც კლუბის სავარჯიშო ფორმა აცვია.

ამ გუნდში უსაინი წლის დასაწყისშიც ვარჯიშობდა. მამელოდი სანდაუნზი სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში გამოდის და ამჟამად სატურნირო ცხრილის სათავეშია. 

8-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 11-გზის მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი მძლეოსნობაში, კარგა ხანია, ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე თამაშზე ოცნებობს. იამაიკელი დორტმუნდის ბორუსიასა და მანჩესტერ იუნაიტედშიც ვარჯიშობდა, თუმცა, კონტრაქტამდე საქმე არ მისულა.  

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უსაინ ბოლტი Soccer AID-ის საქველმოქმედო მატჩში ითამაშებს, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" 10 ივნისს გაიმართება და შიდსთან ბრძოლას მიეძღვნება. 

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მონაწილეობას მივიღებ ოლდ ტრაფორდზე, 10 ივნისს დაგეგმილ Soccer AID-2018-ში", - დაწერა უსაინმა Twitter.

ეს იქნება საფეხბურთო მატჩი, რომელშიც ცნობილების გუნდი ყოფილ პროფესიონალ მოთამაშეებს დაუპირისპირდება. ბოლტი ცნობილების გუნდის კაპიტანი იქნება და 9,58-ნომრიანი მაისურით ითამაშებს - ეს მსოფლიო რეკორდის დროა, რომელიც უსაინს ეკუთვნის. 

Soccer AID ცნობილმა მომღერალმა რობი უილიამსმა და ტელეწამყვანმა ჯონათან უილკსმა ჩამოაყალიბეს.

ბოლტმა მძლეოსნის კარიერა 2017 წლის ზაფხულში, ლონდონში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა.

ცოტა ხნის წინ ბოლტმა საკუთარი თავი დევიდ ბექჰემის მაიამისაც შესთავაზა.

კომენტარები

ბოლო ამბები