Thumbnail

კრისტიან ერიქსენი თანახმაა, იტალიაში ახლავე წავიდეს - ინტერი ტოტენჰემს ევაჭრება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტოტენჰემის ნახევარმცველმა იტალიელებთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა
  • 27 წლის დანიელ ფეხბურთელს ინტერი წელიწადში 7,5 მილიონ ევროს სთავაზობს
  • ტრანსფერის განსახორციელებამდე დარჩა მხოლოდ კლუბებს შორის შეთანხმება

ლონდონის ტოტენჰემის დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი თანახმაა, მილანის ინტერში უკვე ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება, რომლის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადამდე, 2020 წლის ზაფხულამდე მოცდა აღარ სურს და მზადაა, იტალიაში ახლავე წავიდეს.

სკუდეტოსთვის მებრძოლი კონტე გუნდის გაძლიერებას საჭიროდ მიიჩნევს

კრისტიან ერიქსენს ნერაძურისთან პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს და ახლა კლუბებს შორის შეთანხმებას ელოდება. ინტერსა და ტოტენჰემს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები დაწყებულია და მილანელები მზად არიან, ტრანსფერის იანვარშივე განხორციელების შემთხვევაში, 10 მილიონი ევრო გადაიხადონ. ლონდონურ კლუბს კი თავის მოთამაშეში არანაკლებ 20 მილიონი ევროს მიღება სურს. მოლაპარაკებები გრძელდება.

იტალიურ მედიაში მანამდე დაიწერა, რომ ერიქსენი და ინტერი ხელფასზე შეთანხმებულნი არიან და ის წელიწადში 7,5 მილიონ ევროს შეადგენს. ცნობილია ისიც, რომ თუ ტრანსფერი შედგა, დანიელი ნერაძურისთან კონტრაქტს 2024 წლის 30 ივლისამდე გააფორმებს.

დანიელის ლონდონში დარჩენაზე დაყოლიება ვერც მოურინიომ მოახერხა

კრისტიანი ერიქსენი ლონდონის ტოტენჰემის ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში 27 წლის ნახევარმცველმა ინგლისის პრემიერლიგის 18 მატჩში ითამაშა და 2-2 გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა. 

ინგლისის პრემიერლიგაში გასული 22 ტურის შემდეგ, ჟოზე მოურინიოს გუნდს 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა.

იტალიური სერია A-ში გასული 19 ტურის შემდეგ, მილანის ინტერს 46 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ანტონიო კონტეს გუნდი ლიდერ იუვენტუსს 2 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები