Thumbnail

კლინსმანს პრობლემა აქვს - სამწვრთნელო ლიცენცია კალიფორნიაში დარჩა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იურგენ კლინსმანი ჯერ ვერ ამტკიცებს, რომ მისი ლიცენზია მოქმედია
  • საბუთები კალიფორნიაშია, სადაც კლინსის სახლი დაკეტილია
  • ბაიერნთან მატჩში ჰერტას, შესაძლოა, ნურიმ უხელმძღვანელოს

იურგენ კლინსმანს და ბერლინის ჰერტას გერმანიის საფეხბურთო კავშირთან (DFB) პრობლემა აქვთ. გერმანულ სპორტულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ბერლინელთა მთავარი მწვრთნელი ვერ ადასტურებს, რომ მოქმედი სამწვრთნელო ლიცენზია აქვს. თუმცა კლინსი ირწმუნება, რომ DFB-ს საჭირო დოკუმენტებს მალე წარუდგენს.

‘ბილდის’ ინფორმაციით, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ჰერტას და კლინსმანს ბუნდესლიგის მეორე წრის დაწყების წინ, იურგენის მოქმედი სამწვრთნელო ლიცენზიის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვა. თუკი 55 წლის მწვრთნელი მიუნხენის ბაიერნთან მატჩის წინ ლიცენზიას ვერ წარადგენს, გერმანიის ჩემპიონატის მე-18 ტურის ტოპ-მატჩში კლინსმანს მთავარი მწვრთნელის რანგში მისი ასისტენტი ალექსანდერ ნური შეცვლის. კლინსი აცხადებს, რომ შესაბამისი დოკუმენტები აქვს, ოღონდ არა ბერლინში…

“ნოემბრის ბოლოს, როცა ჩავჯექი თვითმფრინავში, რომელიც ბერლინში მიფრინავდა, არ მიფიქრია იმაზე, რომ სამწვრთნელო ლიცენზია და მისი დამადასტურებელი საბუთებიც უნდა წამეღო, რადგან იმ მომენტში არ ვიცოდი, გავხდებოდი თუ არა ჰერტას მწვრთნელი,” - ამბობს კლინსმანი და დასძენს, რომ შობის დღესასწაულზე კალიფორნიაში იმყოფებოდა, მაგრამ საბუთების გერმანიაში წაღება უბრალოდ დაავიწყდა. “ახლა კი ჩემი ოჯახიდან არავინაა კალიფორნიაში, რომ ეს საბუთები წამოიღოს, თუმცა ვცდილობ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მალე მოხდეს,” - დასძინა კილნსიმ.

აქვს თუ არა 2000 წელს აღებულ ლიცენზიას ძალა?

იურგენ კლინსმანმა გერმანიის საფეხბურთო კავშირში სამწვრთნელო ლიცენზია 2000 წელს აიღო. მან შესაბამისი კურსი მაშინ ისეთ ექს-ფეხბურთელებთან ერთად გაიარა, როგორებიც იურგენ კოლერი, მათიას ზამერი და ანდრეას ბრემე არიან.

“ნებისმიერ ლიცენზიას მიღებიდან 3 წლის განმავლობაში აქვს ვადა, - ვკითხულობთ გერმანიის საფეხბურთო კავშირის განცხადებაში, - ლიცენზიის გაგრძელებისთვის საჭიროა, 20-გაკვეთილიანი კურსის გავლა ბოლო 6 თვეში. ლიცენზიის ვადა ყოველ 3 წელიწადში ერთხელ გრძელდება.”

DFB-ს აკადემიის ხელმძღვანელმა ტობიას ჰაუპტმა განაცხადა, რომ ყველა ეს წესი კლინსმანისთისაც მოქმედებს და გამონაკლისის დაშვება გამორიცხულია. “ახლა მთავარია, რომ ყველაფერი შემოწმდეს. ჩვენ ვიცით, რომ იურგენ კლინსმანი გადიოდა გასაგრძელებელ კურსებს მექსიკასა და ბრაზილიაში, მაგრამ ამ ქვეყნებში სერტიფიკატებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ.” - აცხადებს ჰაუპტი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე კლინსმანი გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, 2008 წელს კი მიუნხენის ბაიერნი ჩაიბარა, მაგრამ პირველსავე სეზონში გაათავისუფლეს. ბოლოს კლინსი 2016 წლამდე აშშ-ის ნაკრებს წვრთნიდა, ბერლინის ჰერტაში კი ნოემბრის ბოლოს დაინიშნა. მას მერე ჰერტამ 5 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1-ში დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები