Thumbnail

‘ზაზასგან ბევრი რამ ვისწავლე’ – ჰორფორდი ფაჩულიას ემადლიერება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘ის თავიდანვე გამორჩეული პროფესიონალი იყო და ამიტომ სულ ვაკვირდებოდი’
  • ალ ჰორფორდი და ზაზა ფაჩულია ერთად ატლანტა ჰოუქსში თამაშობდნენ

NBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე სტატია გამოქვეყნდა, სადაც განხილულია რა ზეგავლენას ახდენენ გამოცდილი კალათბურთელები ახალბედებზე. საუბარია პოზიტიურ მაგალითებზე, რომელიც ლიგაში მრავლად გვაქვს.

ერთ-ერთი ეპიზოდი დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ ალ ჰორფორდს ეხება, რომელიც NBA-ში უკვე მე-14 წელს ატარებს, კარიერის სტარტზე გაწეული დახმარებისთვის კი ზაზა ფაჩულიას ემადლიერება.

ალ ჰორფორდი და ზაზა ფაჩულია

“ატლანტა ჰოუქსში მისვლისას, ზაზა ფაჩულია და მაიკ ბიბი იყვნენ ის კალათბურთელები, რომლებიც გვერდში ყველაზე მეტად დამიდგნენ, ასევე ენტონი ჯონსონი.

ზაზა თავიდანვე გამორჩეული პროფესიონალი იყო და საკუთარი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვდა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, მუდმივად ვაკვირდებოდი, როგორ იქცეოდა, როგორ თამაშობდა.

ბიბი მოედანზე ძალიან მეხმარებოდა. იმისთვის, რომ კონკრეტული კომბინაციები დაგვეხვეწა, ყველაფერს კარგად მიხსნიდა. სროლის გაუმჯობესებაშიც მომეშველა.

ძალიან გამიმართლა, რომ ეს ორნი და მოგვიანებით სხვა გამოცდილი კალათბურთელები გვერდში მყავდა. კომფორტია, როდესაც საშუალება გაქვს ასეთი მოთამაშეებისგან სხვადასხვა ნიუანსები ისწავლო. შემთხვევითი არაა, რომ მათ NBA-ში მრავალწლიანი წარმატებული კარიერა ჰქონდათ.

თავადაც იცით, ლიგაში უამრავი ნიჭიერი კალათბურთელი მოდის, თუმცა, ფეხის მოკიდებას ყველა ნამდვილად ვერ ახერხებს. კარგი კარიერისთვის მხოლოდ ნიჭი არ კმარა. თუ ნამდვილ პროფესიონალად ვერ ჩამოყალიბდი, ეს, წინსვლაში ხელს ძალიან შეგიშლის.

სწორედ ამისთვის, კარგი მეგობარი, რჩევის მომცემი ყოველთვის საჭიროა. ის ხალხი, რომელიც გვერდში დამიდგა, მუდამ მემახსოვრება, ამდენად, როდესაც ახლა თავად მეკითხებიან რჩევას, არავის ვზარდები. ახალგაზრდების დახმარებას ჩემს მოვალეობად ვთვლი”.

შეგახსენებთ, რომ ატლანტა ჰოუქსმა ჰორფორდი 2007 წლის დრაფტზე მე-3 ნომრად აირჩია და მან ჯორჯიაში 9 წელი გაატარა, სანამ ბოსტონს სელტიქსში გადაბარგდებოდა, ახლა კი, ფილადელფია სიქსერსის ღირსებას იცავს.

ფაჩულიამ NBA-ში კარიერა 2003 წელს ორლანდო მეჯიქის რიგებში დაიწყო, ჰოუქსში კი 2005 წელს გადავიდა და დომინიკელთან ერთად 6 სეზონი გაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები