Thumbnail

მანუელ ნოიერი ბაიერნზე ნაწყენია - იუვენტუსს ამით სარგებლობა სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტურინის იუვენტუსი მიუნხენის ბაიერნის 33 წლის მეკარის მიწვევაზე დაფიქრდა
  • მანუელ ნოიერს ბაიერნში კონკურენტად ალექსანდერ ნიუბელის მისვლა აშფოთებს 

ტურინის იუვენტუსი მიუნხენის ბაიერნის მეკარე მანუელ ნოიერით ინტერესდება. ამის შესახებ francefootball იუწყება, რომლის ცნობით, იტალიურმა კლუბმა შესაძლოა ისარგებლოს 33 წლის მეკარესა და ბავარიელთა ხელმძღვანელობას შორის არსებული დაძაბულობით.

ცნობილია, რომ მანუელ ნოიერი უკმაყოფილოა მიუნხენურ კლუბში შალკეს მეკარე ალექსანდერ ნიუბელის მოსალოდნელი გადასვლით, რომელმაც ბაიერნთან 5-წლიანი კონტრაქტი წინასწარ შეათანხმა და კლუბში ზაფხულში გადავა. ნოიერს პირველი მეკარის სტატუსის დათმობა არაფრით სურს და დაუფარავად აღნიშნავს, რომ ნიუბელისთვის თუნდაც წუთების დათმობას ვერ შეეგუება.

📋 მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ტურინის იუვენტუსის მთავარი მეკარე 29 წლის პოლონელი ვოიცეხ შჩესნია, მისი შემცვლელი კი - 41 წლის ჯანლუიჯი ბუფონი. იუწყებიან, რომ ტურინელები ნოიერის გადაბირების შესაძლებლობას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ განიხილავენ. 

გერმანელი მეკარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა იტალიაში აღმოჩნდეს

ნოიერი ბაიერნში 2011 წლის ზაფხულში, შალკედან გადავიდა და მაშინ ტრანსფერის ფასმა 30 მილიონი ევრო შეადგინა. მანუელს ბავარიელებთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მეკარის სატრანსფერო ფასად 18 მილიონი ევრო სახელდება. მიმდინარე სეზონში გოლკიპერმა გერმანიის ბუნდესლიგის 17 მატჩში ითამაშა და 22 გოლი გაუშვა. 

გერმანიის ბუნდესლიგაში გასული 17 ტურის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნს 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

იტალიის სერია A-ში გასული 19 ტურის შემდეგ, ტურინის იუვენტუსს 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები