Thumbnail
  • TRANSFERMARKT-ის ფასების მორიგი განახლება ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხო
  • დავით ხოჭოლავა მილიონი ევროთი გაიაფდა

transfermarkt.com-მა კიდევ რამდენიმე ლიგის ფეხბურთელთა საბაზრო ფასები განაახლა, ცვლილებები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებსაც შეეხო. შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში პორტალმა ეროვნული ლიგის მოთამაშეთა ფასები განაახლა. 

უკრაინული პრემიერლიგის ლიდერი შახტარის მცველი დავით ხოჭოლავა 8 იანვრიდან 5-ის ნაცვლად 4 მილიონი ევრო ღირს. ლოგიკურია, რომ 26 წლის ფეხბურთელის ფასმა მოიკლო - მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი არ მისცემია, უკრაინის ჩემპიონატში კი მხოლოდ 6 მატჩში ითამაშა.

ამის მიუხედავად, ხოჭოლავა ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელთა სიაში მაინც მესამე ადგილზე რჩება. ის მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძეს (€9 000 000) და საბა კვერკველიას (€8 000 000) ჩამორჩება.

პორტუგალიურ პრიმეირაში გიორგი მაკარიძე თამაშობს, რომელიც 2020 წლიდან უკვე €1 500 000 ღირს. მისმა ფასმა 300 ათასით მოიმატა.

პროგრესი აქვს კვიპროსში მოთამაშე ნაკრების ფორვარდ ნიკა კაჭარავას, მისი ფასიც 300 ათასით გაიზარდა და ახლა ანორთოსისის ქართველი ლეგიონერი ზუსტად მილიონი ევრო ღირს. ქეცბაიას გუნდში კაჭარავამ 11 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, არადა, თავიდან სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონდა.

ამრიგად, უკვე 21 ქართველი ფეხბურთელი transfermarkt.com-ის აზრით, მილიონი ევრო ან მეტი ღირს. ("მილიონერთა" სიას ახლახან დინამოელი ნიკა ნინუაც შეუერთდა). 

კვიპროსში თამაშობს თორნიკე ოქრიაშვილიც, მისმა ფასმაც მოიმატა - €600 000 ღირს (200 ათასით გაძვირდა). იყო დრო, როცა ოქრიაშვილი 1.8 მილიონი ევროც ღირდა, თუმცა უკლუბოდ დარჩა და ფასმაც ძალიან მოიკლო.

€500 000 ღირს გიორგი ჭანტურია, რომელიც კვლავ უკლუბოდაა (მინუს 300 ათასი). 

კომენტარები

ბოლო ამბები