Thumbnail

ესპანურმა გრანდმა ბარსელონამ გუნდის ახალი თავკაცი კიკე სეტიენი წარადგინა. პრეზენტაციას ახალი მწვრთნელის გარდა კლუბის პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ და კლუბის დირექტორი ერიკ აბიდალი ესწრებოდნენ. 

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს კლუბი ბასკ სპეციალისტ ერნესტო ვალვერდეს დაემშვიდობა, რომელთანაც კონტრაქტი ზაფხულში იწურებოდა. 

კიკე სეტიენმა უკვე ჩაატარა პირველი ვარჯიში ახალ გუნდში, რაც უფრო ფეხბურთელების გაცნობა იყო, ვიდრე სერიოზული ვარჯიში. 

პირველი ვარჯიში ბარსელონაში

ამის შემდეგ სეტიენმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 2.5-წლიანია და ის 2022 წლის 30 ივნისს იწურება. 

ჟოზეპ მარია ბარტომეუ: "დიახ, კლუბის შედეგები კარგია, თუმცა მთავარია, რა იქნებნა სეზონის ბოლოს. ეს ყველამ კარგად ვიცით. რაც შეეხება ვალვერდესთან დამშვიდობების ფორმას, მეც ვისურვებდი, რომ სხვანაირი ყოფილიყო".

კიკე სეტიენი: "მადლობა კლუბს - ჩემს ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ მუშაობა მომიწევდა. დღევანდელი დღე ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ვიწყებ მადლობით.

ჩვენი მიზანი იქნება, ყველა მიმართულებით განვითარდეთ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ეჭვს გარეშეა, უნდა მოვიგოთ, რაც შეიძლება მეტი თამაში. ბარსელონას დარ კლუბს სხვა მიზანი ვერც ექნება - რაც შეიძლება მეტი ტიტული და განვითარება ყოველწლიურად. ასევე ამ ყველაფრის კარგი თამაშით მიღწევა. 

წლების განმავლობაში სიამოვნებას მგვრიდა ამ გუნდის ფეხბურთელების თამაშის ყურება. უკვე ველაპარაკე მესის და სხვებსაც. მე მისი თამაშის დიდი ფანი ვარ. 

როცა გუნდში ახალი მწვრთნელი მიდის, ეს ახალი სტიმულიცაა ფეხბურთელებისთვის. თუმცა ყოველი მწვრთნელი განსხვავებულია. არ ვიცი ჩემეული გზა, რამდენად კარგია, მაგრამ ეს ჩემი ხედვაა. ახლა ეს ენერგია უნდა გარდავსახოთ კონკრეტულ შედეგებში და, რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას მივაქცევ ყოველ დეტალს. 

უმნიშვნელოვანესია ის საფეხბურთო ფილოსოფია, რაც ჩვენ გვაქვს. ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ არა ბარსას სათამაშო ფილოსოფია. 

ყველა გუნდში, რაც კი გამიწვრთნია, ერთი რამის გარანტიის მიცემა შემეძლო - გუნდი აუცილებლად კარგ ფეხბურთს თამაშობდა. ვფიქრობ, ასე იყო ლუგოშიც, ლას პალმასშიც და ბეტისშიც. 

გადაწყვეტილება 5 წუთში არ მიმიღია, რადგან ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბარსა დამიკავშირდებოდა. არ მაქვს ისეთი CV, რომ ბარსელონას მწვრთნელობაზე პრეტენზია მქონოდა. მათ ჩემი სათამაშო ფილოსოფია მოსწონთ, მაგრამ ვნახავთ, იქნება ეს საკმარისი თუ არა". 

ვინ არის ბარსას ახალი თავკაცი კიკე სეტიენი

61 წლის კანტაბრიელი სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა მშობლიურ რასინგში 2001 წელს დაიწყო და გუნდი ლა ლიგაში გადაიყვანა. ამის შემდეგ იყო პოლი ეხიდო და ეკვატორული გვინეის ნაკრები. 2007 წელს სეტიენმა ლოგრონიესი ჩაიბარა. 

კიკე სეტიენი ამბობს, რომ კრუიფის ბარსელონამ მას ბევრი რამ ასწავლა

მისი კარიერა გალისიურ ლუგოში 6 სეზონის განმავლობაში გაგრძელდა. 2015 წელს სეტიენის დებიუტიც შედგა ლა ლიგაში, როცა ლას პალმასი ჩაიბარა, ორი სეზონის შემდეგ კი ბეტისში გადავიდა. 

პირველი სეზონი სევილიაში წარმატებული იყო - გუნდმა ევროპალიგის საგზური მოიგო და კოპა დელ რეის ნახევარფინალში გავიდა. მეორეში მას ურთიერთობა დაეძაბა ბეტისის ბორდთან და მასთან 3-წლიანი კონტრაქტი შეწყვიტეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები