Thumbnail
  • ხუთი ძირითადი მიზეზი, რატომ უნდა წასულიყო ერნესტო ვალვერდე
  • როგორია კიკე სეტიენის სამწვრთნელო ფილოსოფია
  • რა იქნება ბარსას ახალი მწვრთნელის მთავარი გამოწვევა

ბარსელონას ხელმძღვანელობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხანია, მწიფდებოდა - ერნესტო ვალვერდე გაათავისუფლეს. მის ნაცვლად, კატალონიაში კიკე სეტიენი - ბეტისის და ლას პალმასის ყოფილი მწვრთნელი იმუშავებს. ძალიან მოკლედ იმ ძირითადი მიზეზების შესახებ, რომლებმაც ვალვერდეს წასვლა განაპირობეს და რას უნდა ველოდოთ კიკე სეტიენისგან.

რატომ უნდა წასულიყო ვალვერდე?

ერნესტო ვალვერდეზე ბოლო დროს იმდენი დაიწერა, რომ ძალიან რთულია, ორიგინალური ვიყო. ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე სტატისტიკური დეტალი, რომელიც ცხადად აჩვენებს, რომ ვალვერდეს ხელში ბარსელონა რეგრესირებდა.

1. არასწორი კანდიდატი

ვალვერდეს დანიშვნა უკვე არასწორი გადაწყვეტილება იყო. ის ცუდი მწვრთნელი არ არის, თუმცა ბარსელონას სტილს და იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ბარსას ჰყავს, მისი ფეხბურთი ნაკლებად ერგება. მისი ბილბაო ლა ლიგაში მხოლოდ მე-7 იყო ბურთის ფლობის მიხედვით, მე-15 იყო პასების სიზუსტის მიხედვით, სამაგიეროდ მე-4 იყო გრძელი პასების მიხედვით, საჰაერო ორთაბრძოლებში კი საერთოდაც ლა ლიგას ლიდერობდა.

ეს სტატისტიკაც კი ნათელს ხდის, რომ ვალვერდეს პროფილს ბურთის ფლობაზე დამყარებული თამაში მაინცადამაინც არ ერგება. შეუძლებელია, კარგად ათამაშებდე ბურთს, თუ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად კარგავ მას და სისტემატიურად გრძელი პასებით თამაშობ.

2. შედეგები კლასის ხარჯზე

ვალვერდე ბარსელონას ისტორიაში წარუმატებელ მწვრთნელად ნამდვილად არ დარჩება - მის ანგარიშზე ორი მოგებული ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასია. თუმცა, ბარსელონას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე აწყობილი სათამაშო სისტემა და მაღალი კლასის შემადგენლობა ჰყავს.

ანუ, ბარსას აქვს ის სისტემა და ის კლასი, რომელიც უფრო დაბალი კლასის გუნდებთან წლიდან წლამდე თითქმის ავტომატურად უზრუნველყოფს ქულების სტაბილურად დაგროვებას. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მწვრთნელი - ტატა მარტინო, ტიტო ვილანოვა თუ ერნესტო ვალვერდე - ბარსელონა ბოლო 12 წელია, ქულებს მასზე დაბალი კლასის გუნდებთან (ანუ, ლა ლიგის უდიდესი ნაწილი) სტაბილურად იღებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეალისთვის გარდამავალი წლების ფონზე (ზიდანის ბოლო სეზონი + შარშანდელი ქაოსი), ბარსას ლა ლიგაშიც ბოლო ორი სეზონია, ყველაზე დიდი კონკურენცია არ ჰქონია.

თუმცა იმ თამაშებში, როდესაც ბარსა მაღალი კლასის გუნდებთან თამაშობდა და მხოლოდ კლასის ხარჯზე მოგება არ გამოდიოდა, ვალვერდეს, როგორც მწვრთნელის აბსოლუტური უსუსურობა და არაეფექტურობა უფრო მკვეთრად იყო გამოხატული.

ასე იყო ბოლო კლასიკო რეალთან, როდესაც ვალვერდეს ბარსამ უბრალოდ არ იცოდა, როგორც უნდა გაევლო ზიდანის რეალის პრესინგი.

3. ამ სეზონში რეგრესი კიდევ უფრო აშკარა გახდა

ვალვერდე უფრო ადრე უნდა გაეშვათ. ყველაზე სწორი მისი გაშვება შარშანდელი სეზონის ბოლოს, ესპანეთის თასის ფინალში წაგების შემდეგ იქნებოდა. ამ სეზონში ბარსას თამაში კიდევ უფრო გაუარესდა.

ბარსას 19 თამაშში 40 ქულა აქვს - ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ბოლო 11 წელიწადში. მხოლოდ მე-7 ადგილზეა კარში დარტყმების მიხედვით და მე-6 ადგილზეა თავის კარში მიღებული დარტყმების სიხშირის მიხედვით.

კიდევ ერთი დეტალი: წინა სეზონში ბარსელონა თამაშის 33 პროცენტს ატარებდა მეტოქის მესამედზე (ანუ საჯარიმოში და მის სიახლოვეს), მეტოქე კი ბარსას მესამედზე სათამაშო დროის 22 პროცენტი იყო.

ამ სეზონში ბარსა მეტოქის მესამედზე უფრო ნაკლებ დროს ატარებს - 31 პროცენტი, სამაგიეროდ მეტოქე უფრო ხშირად არის ბარსას საჯარიმოს სიახლოვეს - 25 პროცენტი. რეგრესი აშკარაა - ვალვერდეს ხელში ბარსა სულ უფრო მეტ დროს ატარებდა თავის ნახევარზე.

ვალვერდეს ხელში მესიზე დამოკიდებულებამ არგენტინელის ექსპლუატაციის ხასიათი მიიღო

ზედა პუნქტში განხილული ფეხბურთელების კლასი ერთადერთია, რაც ვალვერდეს ქულების დაგროვებაში ეხმარებოდა. ბარსას 49-დან 24 გოლი მესის და სუარესის ანგარიშზეა. ამ წყვილს ამასთან ერთად 13 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. სხვას არცერთ მოთამაშეს 4 საგოლე პასზე მეტი არ აქვს გაკეთებული. შედარებისთვის: 2009-2010 წლების სეზონში მესისთან ერთად (რომელიც ყოველთვის ყველა კომპონენტში ლიდერია) საგოლე გადაცემებით ჩავი (13) და დანი ალვეში (10) ლიდერობდნენ, ხოლოდ 2012-2013 წლების სეზონში - ანდრეს ინიესტა (16 საგოლე პასი) და სესკ ფაბრეგასი (11 საგოლე პასი). ანუ, წინა ფორმაციის ბარსას სხვა ლიდერებიც ჰყავდა - ვალვერდეს ხელში კი მესიზე (და სუარესზე) დამოკიდებულებამ არგენტინელის ექსპლუატაციის ხასიათი მიიღო. რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა ეთამაშა სუარესის ტრავმის შემდეგ ვალვერდეს ბარსელონას, გუნდს, რომელიც ისედაც თავისი სუპერვარსკვლავი შემტევების კლასის წყალობით აგროვებდა ქულებს.

4. უჭირდა ახალი ფეხბურთელების ინტეგრაცია

ორნახევარი სეზონის მანძილზე ვერ ვნახეთ ვერცერთი ახალი ტაქტიკური და სტრატეგიული ჩანაფიქრი. ერთადერთი პაულინიო და მისი სიღრმიდან ჩართვები მახსენდება, რაც ვალვერდეს ორიგინალურ ჩანაფიქრად შეიძლება მივიჩნიოთ. სამაგიეროდ, ახალი ფეხბურთელები ვერ ახერხებდნენ გუნდში და ბარსას სისტემაში თავისი ადგილის პოვნას - კოუტინიო უკვე წავიდა, დემბელე და არტური ვერ გაიხსნენ, დე იონგი და გრიზმანიც თავის შესაძლებლობებს ჯერჯერობით სრულად ვერ ავლენენ.

5. რეგრესი ძირითად სათამაშო კომპონენტებში

ვალვერდეს ხელში ბარსელონა ძირითად და ფუნდამენტურ სათამაშო კატეგორიებში (ბურთის ფლობა, პრესინგი, დაცვიდან ამოსვლა) მუდამ რეგრესირებდა. ეს განსაკუთრებით კარგად მაღალი კლასის გუნდებთან თამაშის დროს ჩანდა.

ვალვერდეს ეპოქისთვის ენფილდზე 0:4-ზე მეტად უფრო სახასიათო ლივერპულთან საშინაო შეხვედრა იყო (რომელიც ბარსამ მესის და სუარესის წყალობით მოიგო). კლოპის გუნდი იყო პირველი 2006 წლის შემდეგ, რომელმაც 'კამპ ნოუზე' ბარსელონას ბურთის ფლობაში აჯობა - კატალონელებს ბურთი მხოლოდ 47.5 პროცენტი ჰქონდათ, უფრო ნაკლები გადაცემა შეასრულეს (511 551-ის წინააღმდეგ) და უფრო ხშირად კარგავდნენ ბურთს (22 დაკარგვა 17-ის წინააღმდეგ).

ბარსელონა-ლივერპული (3:0) - მატჩის სტატისტიკა

სიმბოლური იყო რეალთან ბოლო კლასიკოც - ბარსა უბრალოდ დაცვიდან ბურთიანად ამოსვლას ვერ ახერხებდა - თამაშის 35 პროცენტი სწორედ ბარსას მესამედზე მიდიოდა, რეალის მესამედზე კი მხოლოდ -19.

შეუძლებელია, არ წასულიყო მწვრთნელი, რომლის ხელშიც გუნდს ბურთის დაცვიდან შეტევაში გადატანა, პრესინგი, გათამაშება (ანუ ის კომპონენტები, რომლებიც ტრადიციულად ბარსას სათამაშო სტილს განსაზღვრავს) უჭირდა.

ვინ არის კიკე სეტიენი?

ბარსელონას ახალ მთავარ მწვრთნელზე ფეხბურთის შორიდან მაყურებელმა ხალხმა ბევრი არაფერი იცის. მის კარიერაში ყველაზე დიდი გუნდი ბეტისია. რამდენიმე პუნქტი, რომელიც უფრო ნათლად შეგვიქმნის შთაბეჭდილებას, თუ რას უნდა ველოდოთ მის ხელში ბარსელონასგან.

1. სათამაშო სტილი და ფილოსოფია

სეტიენი ბარსაში არა მიღწევების, არამედ სათამაშო სტილის გამო მიიყვანეს. ბარსელონასთვის აუცილებელია, რომ გუნდმა მისთვის სახასიათო სტილში ითამაშოს. სწორედ ამიტომაც, სერიოზულად მხოლოდ ორი კანდიდატი - ჩავი და სეტიენი - განიხილებოდა.

კიკე სეტიენი ბარსელონას პროდუქტი არასოდეს ყოფილა, თუმცა მის სათამაშო სტილსა და მსოფმხედველობას კრუიფის ბარსელონა განსაზღვრავს. სეტიენი წარმოშობით კანტაბრიელია და რასინგში თამაშობდა.

როდესაც რასინგს კრუიფის ბარსელონას წინააღმდეგ მთელი თამაშის უბურთოდ გატარება მოუწია, სეტიენზე ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: ‘მე ჩემს თავს ვუთხარი: ‘მინდა ამ გუნდის ნაწილი ვიყო და კიდევ უფრო მეტად მინდა გავიგო, ამას როგორ აკეთებენ, როგორ ახერხებენ, რომ ბურთი სულ მათ ჰქონდეთ და მეორე გუნდმა მათ სდიოს?!’

შემთხვევითი არ არის, რომ მის გუნდში ადგილს იოლად პოულობდნენ ბარსელონას აღზრდილები - მაგალითად, მარკ ბარტრა და კრისტიან ტელო. მოედნის შუაში კი მას ყოველთვის პასზე ორიენტირებული მოთამაშეები ჰყავდა - ვილიამ კარვალიუ, ჯოვანი ლო სელსო და ანდრეს გუარდადო.

2. აქცენტი ბურთის ფლობაზე

სეტიენის გუნდები ბურთს ძალიან კარგად ფლობენ და ათამაშებენ. მისი ბეტისი მეორე ადგილზე იყო ლა ლიგაში ბურთის ფლობის მაჩვენებლებით და მხოლოდ ბარსელონას ჩამოუვარდებოდა. 2018 წელს სწორედ ბეტისმა დაამყარა ლა ლიგაში ბურთის ფლობის რეკორდი - სეტიენის გუნდს ლეგანესის წინააღმდეგ ბურთი სათამაშო დროის 82.5 პროცენტი ჰქონდა. სეტიენის ხელში აუცილებლად გაუმჯობესდება კატალონელთათვის სახასიათო ორი ძირითადი სათამაშო კომპონენტი - ბურთის ფლობა და მაღალი პრესინგი. მით უმეტეს, რომ ამ ტიპის ფეხბურთის თამაში ბარსელონას კალიბრის და კლასის გუნდში უფრო იოლია, ვიდრე ბეტისში.

3. კარგი თამაში ლიდერებთან

სეტიენს ეხერხება დიდი გუნდების წინააღმდეგ კარგად თამაში: 2017 წლის დეკემბერში სეტიენის ბეტისმა რეალი დაამარცხა (1:0), 2018 წლის ნოემბერში ვალვერდეს ბარსელონას 'კამპ ნოუზე' მოუგო (4:3), 2019 წლის მაისში კი კიდევ ერთხელ დაამარცხა რეალი (2:0 სანტიაგო ბერნაბეუზე). სეტიენი საერთოდაც ბოლო მწვრთნელი იყო, რომელმაც ლა ლიგაში 'კამპ ნოუზე' გამარჯვება მოიპოვა.

4. ბუსკეტსი და მესი

მის საფეხბურთო გემოვნებას კარგად განსაზღვრავს მისი გამონათქვამები: მისი საყვარელი ფეხბურთელი სერხიო ბუსკეტსია, რომელსაც მან, როგორც მწვრთნელმა, 'კამპ ნოუზე' მოუგებული შეხვედრის შემდეგ ფორმა გამოართვა. ბუსკეტსმა სეტიენს მრავლისმთქმელი წარწერა გაუკეთა: ‘კიკეს, პატივისცემით და აღტაცებით იმისათვის, თუ როგორ ხედავთ ფეხბურთს, სერხი.’

მისი მეორე ფავორიტი ფეხბურთელი კი მარტივად მისახვედრია, რომ ლეო მესია. ასევე მეტოქე გუნდის მწვრთნელის რანგში, სეტიენმა აღიარა, რომ მესი მისთვის საუკეთესო ფეხბურთელია და ყველას გაგვიმართლა, რომ მის ეპოქაში ვცხოვრობთ. აქ იმდენად მესის ქება არ არის საინტერესო, რამდენადაც ის ფაქტი, რომ სეტიენი ამ კომპლიმენტებს მაშინ ამბობდა, როცა ბარსას წინააღმდეგ თამაში ჰქონდა - ანუ მეტოქეები იყვნენ.

5. დიდ გუნდში არასოდეს უმუშავია

სეტიენს არასოდეს უმუშავია არათუ სუპერვარსკვლავებთან, არამედ უბრალოდ ვარსკვლავებთანაც კი. მისი საუკეთესო შედეგი ბეტისთან ერთად მიღწეული მეექვსე ადგილია. როგორც მოთამაშე იგი ასევე არ ყოფილა გამორჩეული. ბარსელონას ვარსკვლავური სტატუსი, სუპერკლუბისთვის სახასიათო ზეწოლა, გადაჭარბებული ყურადღება პრესისგან, ვარსკვლავებთან ურთიერთობა მისთვის აბსოლუტურად ახალი გამოწვევებია.

თუკი სათამაშო სტილის, ტაქტიკის, ფეხბურთის ხედვის და ფილოსოფიის მიმართულებით ყველაფერი ნათელია - სეტიენი ის კაცია, რომელმაც ბარსას სათამაშო სტილი უნდა დაუბრუნოს, მთავარი გამოწვევა მისთვის - ე.წ. man management - ანუ, კლუბის შიგნით ურთიერთობების დალაგება და მართვა იქნება.

ბარსელონას ხელმძღვანელობამ ვალვერდეს გაშვება დააგვიანა. არცთუ ცუდი შედეგების მიუხედავად, თამაშის ხარისხი იდეალურისგან შორს იყო, განვითარების დინამიკა კი გუნდს რეგრესირებადი ჰქონდა - ვალვერდეს პირველი სეზონის შემდეგ თამაში მხოლოდ უარესდებოდა. ვალვერდე ან წინა სეზონის ბოლოს, ან, ცუდ შემთხვევაში, ზამთრის შესვენების დროს უნდა გაეშვათ.

მისი წასვლის შემდეგ იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც ბაზარზე იყო, ბარსამ მისაღები კანდიდატი იპოვა. სეტიენი ის კაცია, რომელიც ბარსას სტილს დააბრუნებს და იმ სისტემურ პრობლემებს გადაჭრის, რომლებიც ვალვერდეს ხელში ბარსას დარჩა. თუმცა, უცნობია, თუ რამდენად ეყოფა სეტიენს კლასი და ავტორიტეტი იმ კალიბრის გუნდის სამართავად, როგორიც ბარსელონაა. ბარსას ტიპის გუნდის წარმატებით მართვა მხოლოდ ფეხბურთის სწორად ხედვას არ მოითხოვს.

თუკი სეტიენმა დიდი გუნდის მწვრთნელის როლი წარმატებით მოირგო, მაშინ იგი ამ სეზონის შემდეგაც დარჩება, სხვანაირად კი ბარსას ზაფხულში კიდევ ერთხელ მოუწევს მწვრთნელის მოძებნა. მით უმეტეს, რომ ზაფხულში უფრო რეალისტურია რომელიმე უფრო სახელოვანი და გამოცდილი მწვრთნელის (მაგალითად, რონალდ კუმანი, ან ერიკ ტენ ჰაგი) დანიშვნა. შემთხვევითი არ არის, რომ სეტიენის კონტრაქტი 0.5 +1 +1 სისტემით არის დადებული ანუ ბარსას ცუდი შედეგების შემთხვევაში სეტიენის გაშვება, ფაქტობრივად, ნებისმიერ დროს შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები