Thumbnail
  • მიუხედავად ჰაერის საშინელი ხარისხისა, კვალიფიკაცია მაინც დაიწყო
  • სვიტოლინა სხვა ჩოგბურთელები ორგანიზატორებს აკრიტიკებენ
  • სლოვენიელმა სუნთქვის პრობლემების გამო თამაში ვერ გააგრძელა

ურთულესი პირობების მიუხედავად, ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი მაინც დაიწყო. ხანძრის გამო ჰაერის ხარისხი უკიდურესად გაუარესებულია, მაგრამ წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის პირველი თამაშები მაინც არ გადაიდო.

თუმცა ჩოგბურთელებს არა მარტო თამაში, არამედ სუნთქვაც კი უჭირთ - მაგალითად, სლოვენიელმა დალილა იაკუპოვიჩმა შვეიცარიელ შტეფანი ფიოგელესთან მატჩი სწორედ სუნთქვის პრობლემების გამო შეწყვიტა, არადა პირველი სეტი მოგებული ჰქონდა (6:4) და მეორე სეტს 5:6-ს აგებდა. სანამ თამაშს შეწყვეტდა, სლოვენიელს ხველება აუტყდა და ფეხზე დგომა უჭირდა.

“მართლაც ძალიან ცუდად გავხდი. ასეთი რამ არასდროს მომსვლია და სერიოზულად შემეშინდა. მეშინოდა, რომ გონებას დავკარგავდი. ვეღარ დავრბოდი,” - განაცხადა იაკუპოვიჩმა.

ლუქსემბურგელი მენდი მინელა, რომელიც მსოფლიოს 140-ე ჩოგანია, ვერ ხვდება, რატომ ტარდება მატჩები ასეთ პირობებში: “შოკირებული ვარ. ასეთ პირობებში თამაშები არ უნდა ტარდებოდეს. ვინმე ფიქრობს იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომლებსაც გარეთ მუშაობა უწევთ?” - დაპოსტა ტვიტერზე მინელამ და დასძინა, რომ არა მხოლოდ სპორტსმენებს, არამედ მთელ პერსონალს გულისხმობს, განსაკუთრებით კი ბურთის მიმწოდებელ ბავშვებს. ერთ-ერთმა ბავშვმა მატჩის დროს გონება დაკარგა.

შოკირებულია უკრაინელი ტოპ-მოთამაშე ელინა სვიტოლინაც: “რატომ უნდა ველოდოთ იმას, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდება?”

ჰაერის საშინელი ხარისხის გამო ვარჯიშები შეწყდა და კვალიფიკაციის მატჩებიც დაგვიანებით დაიწყო. მოთამაშეებს სუნთქვის პრობლემები ჰქონდათ - მათ შორის კანადელ ეჟენი ბუშარს და ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს. ვიქტორიის შტატის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის, ბრეტ სატონის თქმით, მთელი მსოფლიოში ყველაზე ცუდი ჰაერი ახლა სწორედ მელბურნშია.

შეწყდა მარია შარაპოვას საჩვენებელი მატჩიც გერმანელ ლაურა ზიგემუნდთან.

“თუკი იპოვი ექიმებს, რომლებიც იტყვიან, რომ 45 გრადუსში ჩოგბურთის თამაში საშიში არ არის, ისეთ ექსპერტებსაც იპოვი, რომლებიც ჰაერის ასეთ ხარისხს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ,” - ეს ფრანგი ჟილ სიმონის პოსტია.

მელბურნის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, არ გააღონ კარები და ფანჯრები, დარჩნენ სახლში და არ გაუშვან გარეთ შინაური ცხოველები.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში სექტემბრის შემდეგ ხანძარს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ორგანიზატორების თქმით, ავსტრალიის ღია პირველობის გადადება ჯერჯერობით გამორიცხულია.

კომენტარები

ბოლო ამბები