Thumbnail
  • ლონდონის ტოტენჰემისა და ინგლისის ნაკრების ფორვარდმა ოპერაცია გაიკეთა
  • სავარაუდოდ, 26 წლის ფეხბურთელი მოედანს აპრილის შუაში უნდა დაუბრუნდეს
  • ჟოზე მოურინიოს ზუსტი ვადების დასახელება უჭირს და არაფერს გამორიცხავს

ლონდონის ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს სიტყვებიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ მისი გუნდისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამხმელმა ჰარი კეინმა ტრავმის გამო, არამხოლოდ საკლუბო სეზონის დარჩენილი ნაწილი, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატიც გამოტოვოს.

ტოტენჰემის 26 წლის ფორვარდმა მარცხენა ბარძაყის კუნთი პრემიერლიგის 21-ე ტურში, საუთჰემპტონთან დაპირისპირებისას გაიწყვიტა და ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. თავდაპირველად იუწყებოდნენ, რომ კეინი ვარჯიშს აპრილში განაახლებდა, თუმცა მოურინიოს გადაჭრით რაიმეს თქმა უჭირს.

"ყველაფერს ვაკეთებთ რაც შესაძლებელია. ჰარისთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს და თუკი მის შესახებ ყოველ ჯერზე შემეკითხებით, პასუხი ერთნაირი მექნება. ვვარაუდობთ, რომ ის აპრილის შუა რიცხვებამდე დაგვაკლდება ან აპრილის ბოლომდე, ან მაისის ბოლომდე, ან მომდევნო სეზონამდე. არ ვიცი", - აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს ინგლისური მედია.

პორტუგალიელი სპეციალისტი თავისი გუნდის ფორვარდის დაბრუნების ზუსტ ვადებს ვერ ასახელებს

თუ პესიმისტური მოლოდინი გამართლდა, ჰარი კეინის არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება ტოტენჰემისთვისაც და ინგლისის ნაკრებისთვისაც. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ინგლისელთა კაპიტანმა 6 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ჰარი კეინი ლონდონის ტოტენჰემის აღზრდილია. მიმდინარე სეზონში მან ინგლისის ჩემიონატის 20 მატჩში ითამაშა და 11 გატანილი გოლითა და 2 საგოლე პასით გამოირჩა. პრემიერლიგაში გასული 22 ტურის შემდეგ, მოურინიოს გუნდს 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, კონტინენტის 12 ქალაქში ჩატარდება. გარეტ საუთგეიტის გუნდი D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი ორი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია - ხორვატია და ჩეხეთი.

კომენტარები

ბოლო ამბები