Thumbnail

ოფიციალურად: ვალვერდე ბარსას მწვრთნელი აღარ არის და მისი შემცვლელი ცნობილია!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბარსელონას დირექტორთა საბჭომ ერნესტო ვალვერდე მოხსნა
  • ესპანურ გრანდს კიკე სეტიენი ჩაიბარებს

ბარსელონამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ერნესტო ვალვერდე გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. 

"შედგა მოლაპარაკება კლუბსა და ერნესტო ვალვერდეს შორის, რომ დასრულდეს მისი კონტრაქტი, როგორც პირველი გუნდის თავკაცისა. მადლობა ყველაფრისთვის ერნესტო! წარმატებები მომავალში", - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში. 

55 წლის ბასკი სპეციალისტის კონტრაქტის ვადა 5 თვეში სრულდებოდა, თუმცა მას კარისკენ მიუთითეს. ვალვერდეს ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში ატლეტიკოსთან თითქმის მოგებული მატჩის დათმობა (2:3) აღარ ეპატია. 

ერნესტო ვალვერდე ბარსელონაში

145 მატჩი: 97 მოგება, 32 ფრე, 16 მარცხი

გოლები: 339:128

4 ტიტული: ლა ლიგა (2), კოპა დელ რეი და სუპერკოპა

ერნესტო ვალვერდეს გუნდში 61 წლის კიკე სეტიენი შეცვლის. კანტაბრიელ სპეციალისტს აქამდე რასინგი, პოლი ეხიდო, ეკვატორული გვინეის ნაკრები, ლოგრონიესი, ლუგო და ლას პალმასი გაუწვრთნია. 2017-2019 წლებში ის სევილიური ბეტისის თავკაცი იყო. 

კიკე სეტიენი ბოლოს ბეტისს წვრთნიდა. მისი სათამაშო კონცეფცია კატალონიურ კლუბს კარგად უნდა მოერგოს

სეტიენს 14 იანვარს ადგილობრივი დროით 14:30-ზე წარადგენენ, მანამდე კი ის ბარსას პირველ ვარჯიშს ჩაატარებს. სავარაუდოდ, ის გუნდთან 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს. 

კომენტარები

ბოლო ამბები