Thumbnail
  • ალექსანდრე მეტრეველი ATP Cup-ზე მოგებამ ახეირა
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 29-ე პოზიციაზე დაქვეითდა

26 წლის ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, რომელმაც ავსტრალიაში დასრულებულ ATP Cup-ზე 1 გამარჯვების მოპოვება მოახერხა, მსოფლიო რეიტინგში 121 ადგილით დაწინაურდა.

ATP Cup-ი წლეულს პირველად ჩატარდა და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) გადაწყვეტილებით, მისი შედეგების ასახვა კლასიფიკაციაშიც მოხდა.

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ტურნირზე ერთადერთი გამარჯვება ურუგვაისთან იზეიმა და მაშინ მოპოვებულმა წარმატებამ სანდროც ძალიან ახეირა.

შეგახსენებთ, რომ მეტრეველმა ფრანკო რონკადელის იოლად – 6:2, 6:1 სძლია და რეიტინგში 44 ქულა მოუგროვდა, რისი წყალობითაც 557-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ცხადია, რომ მსოფლიო კლასიფიკაციაში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კვლავაც ნიკოლოზ ბასილაშვილს გააჩნია, რომელმაც ატპ ქაფზე ურუგვაელსავე პაბლო კუევასს კი სძლია (6:4, 1:6, 6:4), თუმცა, ესპანელ რაფაელ ნადალთანა (3:6, 5:7) იაპონელ იოშიჰიტო ნიშიოკასთან (2:6, 3:6) წააგო.

27 წლის ბასილაშვილმა 3 პოზიცია დაკარგა და 1 485 ქულით 29-ე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ მისი საუკეთესო მაჩვენებელი გასული წლის მაისს უკავშირდება, როდესაც მე-16 საფეხურს უწია.

ნიკას დანაკლისის ანაზღაურების შანსი მოახლოებულ ავსტრალიის ღია პირველობაზე იქნება, რომელიც 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე გასტანს.

“აუსტრალიან ოუფენის” შარშანდელ გათამაშებაში ბასილაშვილმა ამერიკელ კრისტოფერ ეუბანკსსა და იტალიელ სტეფანო ტრავალიას აჯობა, მე-3 წრეში კი მომავალ ნახევარფინალისტ ბერძენ სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები