Thumbnail

გეიმერები და დეველოპერული სტუდიები ავსტრალიის ხანძართან ბრძოლაში ჩაერთვნენ

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • ხანძრის შეჩერებაში მონაწილეობის იდეა გეიმერებს გაუჩნდათ
  • ინიციატივაში ჩაერთვნენ როგორც კორპორაციები, ასევე დამოუკიდებელი დეველოპერული სტუდიები

კომპიუტერული თამაშების დეველოპერი სტუდიები და გეიმერები ცდილობენ, ავსტრალიაში ხანძრების კრიზისის გადაჭრაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ავტრალიაში აპოკალიფსური ხანძრების შედეგად უკვე 155 000 ჰექტრამდე ტყე განადგურდა და ხანძარს 500 მილიონი ცხოველი და 25 ადამიანი ემსხვერპლა. 

ხანძრების შეჩერებაში წვლილის შეტანის იდეა პირველად გეიმერებს გაუჩნდათ. სოციალური ქსელი რედიტის გეიმერულ ფორუმებზე, მომხმარებლებმა გააჟღერეს იდეა, რომ თამაშების ავტორებს სპეციალური თამაშის შიდა კოსმეტიკური ნივთები (ე.წ. ''სქინები'') შეექმნათ, რომლის შეძენიდან შემოსული თანხაც ავსტრალიის დასახმარებლად, საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხებოდა. მსგავსი ინიციატივის შედეგად, 2018 წელს, Activision Blizzard-მა, მათი პოპულარული ონლაინ მულტიფლეიერის, Overwatch-ის ერთ-ერთი პერსონაჟის, Mercy-ს ''სქინი'' შექმნა, რომელიც 15 დოლარი ღირდა და რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხაც მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ირიცხებოდა. ამ კამპანიის შედეგად, Activision Blizzard-მა, სულ 12,7 მილიონი დოლარი შეაგროვა საქველმოქმედო მიზნებისათვის. 

გეიმ დეველოპერების განცხადებით, იდეა მისასალმებელია, თუმცა, კოსმეტიკური ნივთების დიზაინის შექმნას და მათ თამაშებში ინტეგრირებას დრო სჭირდება და, ამ შემთხვევაში, ''სქინებისთვის'' დაცდა არ ღირს. Ubisoft-მა, უკვე გადარიცხა 30 000 დოლარი ავსტრალიის დასახმარებლად. ინიციატივაში Activision-იც ჩაერთო და განაცხადა, რომ ახალი Call of Duty-ის ექსპანსიის, Outback Pack DLC-ის გაყიდვებიდან შემოსულ თანხას მთლიანად ავსტრალიის კრიზისის ფონდში გადარიცხავს. გეიმერებს სურთ, საქველმოქმედო კონტენტი სხვა მულტიფლეიერებში, Respawn Entertaintment-ის Apex Legends-სა და Blizzard-ის Overwatch-შიც დაემატოს. 

ამავე დროს, კიდევ ერთმა დეველოპერულმა სტუდიამ, Bungie-მ უფრო მატივი გზა იპოვნა საქველმოქმედო აქტივობებისთვის და მათი მულტიფლეიერის Destiny 2-ის სპეციალური ლიმიტირებული საქველმოქმედო მაისურების გაყიდვას 16 იანვრიდან იწყებენ. გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნახევარი ორგანიზაცია Wires (wildlife rescue) ფონდში გადაირიცხება, მეორე ნაწილი კი New South Wales Rural Fire Service-ის ფონდში, რომელიც ხანძრების დაზარალებულთა დახმარებაში მოხალისეების ჩართულობას უზრუნველყოფს. 

საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართვა, ბაზრის გიგანტებთან ერთად, დამოუკიდებელმა (ინდი) კომპანიებმაც გადაწყვიტეს. კომპანია Cryptivo-მ საკუთარ ტვიტერზე განაცხადა, რომ მათი ონლაინ გაყიდვებიდან და Steam-ზე მიღებული შემოსავლიდან, მომავალი 2 თვის განმავლობაში, 30 % ავსტრალიის დასახმარებლად, საქველმოქმედო ფონდებში გადაირიცხება. ასევე დამოუკიდებელმა დეველოპერემა Jez Kabanov-მაც გადაწყვიტა, რომ მისი თამაშის, Bushfire Rescue Tactics-ის, შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდება. Bushfire Rescue Tactics ხანძრის საწინააღმდეგო ზომების მიღებასა და მათ შეჩერებას ასწავლის მოთამაშეს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები