Thumbnail
  • პოპსპორტი დოკუმენტური ფილმის ავტორს დაუკავშირდა
  • ჰაიო ზეპელის განცხადება და ქართული მხარის პასუხი

9 იანვარს პოპსპორტმა შემოგთავაზათ მონაკვეთი დოკუმენტური ფილმიდან “Geheimsache Doping - der Herr der Heber” (საიდუმლო საქმე დოპინგი - ძალოსნების ბატონი), რომელიც გერმანიის პირველმა არხმა, ტელეკომპანია ARD-მ 5 იანვარს უჩვენა და რომელიც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ტამაშ აიანის საქმიანობას ეხება.

ეს ფილმი საქართველოსთვის იმით გახდა საინტერესო, რომ ერთ-ერთი მონაკვეთი ქართველ რეკორდსმენ ძალოსან ლაშა ტალახაძეს ეხება.

📺 ვიდეო: ლაშა ტალახაძის მონაკვეთი ARD-ს დოკუმენტური ფილმიდან

ამ ფილმის ნახვა საქართველოში მცხოვრებთათვის შეუძლებელი იყო და მის შესახებ საზოგადოებამ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქის პოსტიდან შეიტყო, რომელშიც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ყიფშიძე ფილმის ავტორს, გერმანელ ჟურნალისტ ჰაიო ზეპელტს საქართველოს ზედიზედ 4-გზის საუკეთესო სპორტსმენისადმი ცრუ ბრალდებაში ადანაშაულებდა.

პოპსპორტი დოკუმენტური ფილმის გერმანელ ავტორს დაუკავშირდა და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის განცხადებაზე კომენტარი და ფილმში ტალახაძის შესახებ მონაკვეთზე განმარტება სთხოვა.

ჰაიო ზეპელტი (დოკუმენტური ფილმის ავტორი):

“საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის წერილში ჩვენს მიერ წარმოდგენილი ფაქტები აშკარად არასწორად არის გაგებული.

ARD-ს ფილმში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ეგიდით, ტალახაძეს შესაბამის პერიოდებში არასაშეჯიბრო ტესტები არ გაუვლია. ჩვენ ხელთ გვაქვს IWF-ის სრული სადოპინგო სტატისტიკა, რომელიც 2008-დან 2017 წლამდე პერიოდს მოიცავს.

სამწუხაროდ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აშკარად ცდება, როდესაც წყაროდ ADAMS მოჰყავს. ალბათ, ის უნდა ხვდებოდეს, რომ ADAMS-ში ტალახაძესთან დაკავშირებული ჩანაწერები უკავშირდება სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ტესტებს და არა – IWF-ს.

ამდენად, ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად მართებულია. შესაბამისად, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მის ჩვენდამი პრეტენზიებს უნდა გადახედოს.

სხვათა შორის, თქვენს თავსაც ჰკითხეთ: რას უნდა ნიშნავდეს, როდესაც საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობა არ ამოწმებს მის უმთავრეს სუპერვარსკვლავსა და მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცს, მითუმეტეს, როდესაც მას გარკვეული დოპინგ-ისტორია უკვე გააჩნია”.

ჰაიო ზეპელტის ამ განცხადების შეფასება და მისი პასუხი ვთხოვეთ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ დავით ყიფშიძეს.

დავით ყიფშიძე (საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი):

“ადამსი (ADAMS - The Anti-Doping Administration & Management System) არის WADA-ს (WORLD ANTIDOPING AGENCY) ონლაინ-ელექტრონული სისტემა და შესაბამისად, იქ ყველანაირი შესაბამისი მონაცემები გროვდება. WADA არის გლობალური ორგინიზაცია, რომელიც დოპინგ ტესტებს სპორტის ყველა სახეობაში ატარებს. WADA-სთან თანამშრომლებენ ლიცენზირებული ორგონიზაციები, რომლებიც აწარმოებენ დოპინგ სინჯების აღებას. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა საქართველოს ეროვნული ანტისადოპინგო სამსახური. როდესაც უფლებით აღჭურვილ ორგანიზაციას (მაგალითად: საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, საერთაშორისო, რეგიონალურ ან ეროვნულ სპორტულ ფედერაციას) რომელიმე სპორტსმენის შემოწმება სურს, უკვეთავს სწორედ ლიცენზირებულ ორგანიზაციას.

2015 წელს, მსოფლიოს ძალოსნობის ფედერაციას (IWF) არ შეუკვეთია ლაშა ტალახაძის არასაშეჯიბრო დოპინგ-ტესტი და ეს მათი საქმეა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მათ ჰქონდათ ამ გადაწყვეტლების საფუძველი. საქმე იმაშია, რომ ლაშას 2015 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატამდე ორჯერ ჰქონდა ჩაბარებული არასაშეჯიბრო დოპინგ-ტესტი, რაც თანხვედრაში არის არსებულ რეგულაციასთან. ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მსოფლიო ფედერაციას კიდევ ერთხელ არ შეეძლო სპორტსმენის შემოწმება, მაგრამ ამის აუცილებლობაც არ არსებობდა. ის, რომ 2015 წელს, ტალახაძემ გაიარა ორი დოპინგ ტესტი, ეს დასტურდება ADAMS-ის, ანუ იგივე WADA-ს მონაცემებით, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ”.

ვინ შეუკვეთა ლაშა ტალახაძის ტესტები 2015 წლიდან დღემდე? ამ კითხვით საქართველოს ანტიდოპინგური სამსახურის გენერალური მდივან თემურ უკლებას მივმართეთ.

თემურ უკლება (საქართველოს ანტიდოპინგური სამსახურის გენერალური მდივანი):

“ADAMS არის ანტიდოპინგური მართვის და ადმინისტრირების სისტემა. ანუ, WADA-ს მონაცემთა ბაზა. WADA კი არის მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს სპორტსმენთა მონაცემთა ბაზა.

საქართველოს ანტოპინგური სააგენტო არის ერთადერთი აღიარებული წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ატარებს დოპინგ-ტესტებს. ძირითადად, დოპინგ-ტესტებს გვიკვეთავს საქართველოს სპორტის სამინისტრო და საერთაშორისო სპორტული ფედერაციები, მათ შორის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია.

არსებობს საშეჯიბრო და არასაშეჯიბრო ტესტები. 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ლაშა ტალახაძის არაერთი დოპინგ-ტესტი შეგვიკვეთა. მარტო 2015 წელს, ორი არასაშეჯიბრო ტესტი გავაკეთეთ ივნისში და ივლისში. ასე რომ, ამ მხრივ, ყველაფერი რიგზეა”.

რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ კომენტარებიდან? ცხადია, რომ გერმანულ დოკუმენტურ ფილმში კრიტიკის მთავარი ობიექტი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ტამაშ აიანია. როდესაც ფილმში საუბარია იმაზე, რომ IWF-მა ტალახაძე შესაბამის პერიოდში არ შეამოწმა (რასაც დავით ყიფშიძეც ადასტურებს), კრიტიკა მიმართულია სწორედ რუმინული წარმოშობის მქონე უნგრელი ფუნქციონერისკენ. ტალახაძის მონაკვეთში კითხვის ნიშნები მის მიმართაა დასმული.

ქართული მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლაშას 2015 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატამდე ორჯერ ჰქონდა ჩაბარებული არასაშეჯიბრო დოპინგ-ტესტი და დასძენს, რომ მსოფლიო ფედერაციას, რა თქმა უნდა, შეეძლო სპორტსმენის კიდევ ერთხელ შემოწმება, მაგრამ ამის აუცილებლობა არ არსებობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები