Thumbnail

ურუშაძის მე-5 ადგილი ოლიმპიადაზე – ალინამ კარიერის 3 რეკორდი დაამყარა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ქართული ფიგურული ციგურაობის ახალმა იმედმა ალინა ურუშაძემ, რომელიც 7 იანვარს 16 წლის შესრულდა, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მე-5 ადგილი დაიკავა.

📺 ალინა ურუშაძის თავისუფალი პროგრამა

შეგახსენებთ, რომ ურუშაძემ მოკლე პროგრამაში 63.10 ქულა მიიღო და მე-5 ადგილზე გავიდა. დღეს, ალინამ თავისუფალი პროგრამისთვის 116.40 ქულა (56.83 პროგრამული კომპონენტებისთვის+59.57 ტექნიკური ელემენტებისთვის) დაიმსახურა და ამ შემთხვევაში მე-6 იყო.

საერთო ჯამში, ქართველმა გოგონამ 179.50 ქულა მოაგროვა და შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ოლიმპიადაზე გამოსვლა მე-5 პოზიციაზე დაასრულა.

საინტერესოა, რომ როგორც მოკლე პროგრამაში, ასევე თავისუფალსა და ჯამურ მაჩვენებლებში, ურუშაძემ კარიერის რეკორდები დაამყარა. აქამდე, მისი საუკეთესო შედეგები, შესაბამისად, 58.31, 107.06 და 165.37 ქულა იყო.

გოგონათა ტურნირის გამარჯვებული სამხრეთკორეელი იუნ იუ გახდა, რომელმაც 214.00 მოაგროვა და კონკურენტებს საგრძნობლად გაუსწრო. ურუშაძეს ასევე აჯობეს რუსებმა სინიცინამა (200.03) და ფროლოვამ (187.72) და იაპონელმა კავაბემ (185.22)

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ალინა ურუშაძე საქართველოს მედროშე იყო

ოლიმპიური თამაშები მე-11 ადგილზე დაასრულა ყინულზე ცეკვების ქართულმა წყვილმა იულია ლებედევა-ბითაძისა და მიხეილ კაიგოროდცევის შემადგენლობით.

ქართველმა სპორტსმენებმა მოკლე პროგრამაში 47.20 ქულა მიიღეს და მე-11 შედეგი აჩვენეს. იულიასა და მიხეილს დღევანდელ თავისუფალ პროგრამაში 68.45 ქულა (35.37 პროგრამული კომპონენტებისთვის+34.08 ტექნიკური ელემენტებისთვის) ჰქონდათ, რაც ასევე მე-11 შედეგი იყო.

საერთო ჯამში, ფიგურული სრიალის ქართულმა წყვილმა 115.65 ქულა მოაგროვა და 12 დუეტს შორის მხოლოდ შვეიცარიელებს (96.95) აჯობა.

ოქრო-ვერცხლი რუსულ წყვილებს ერგოთ, ბრინჯაო კი ამერიკელებმა დაისაკუთრეს.

დღესვე, გიგანტურ სლალომში სცადა ბედი ნოდარ კოზანაშვილმა, თუმცა, პირველი ცდა ვერ დაასრულა და შეჯიბრს ნაადრევად გამოეთიშა.

ხვალ, კოზანაშვილი და ნინო კურტანიძე ძალებს სლალომში სცდიან, 18 იანვარს სტარტზე მოციგავეებს – ლუკა და ლაშა მჭედლიანებს ვიხილავთ, ქართველთაგან ბოლო კი, ოლიმპიადაზე ტრამპლინიდან მხტომელი ესმირალდა გობოზოვა იასპარეზებს. ეს, 19 იანვარს მოხდება.

კომენტარები

ბოლო ამბები