Thumbnail
  • პეისერსის საიტი გოგაზე საინტერესო ისტორიას ავრცელებს
  • ქართველმა ცენტრმა მოლოდინებსა და რეალობაზე ისაუბრა

ინდიანა პეისერსს NBA-ში მომავალი მატჩი ხვალ დილით ფილადელფიასთან ელის, მზადებაში კი ქართველი ცენტრი გოგა ბითაძეცაა ჩართული, რომელიც განვითარების ლიგაში მორიგი გაბრწყინების შემდეგ, პეისერსში კიდევ ერთხელ დააბრუნეს.

ინდიანელებმა ჩიკაგო ბულსთან გასული მატჩი ვიქტორ ოლადიპოს, დომანტას საბონისისა და მალკოლმ ბროგდონის გარეშე ჩაატარეს. შესაბამისად, გუნდის მთავარ მწვრთნელ ნეიტ მაკმილანს გარკვეული ცვლილებების მოხდენა მოუწია.

დომანტას საბონისის არყოფნა გოგა ბითაძის შანსია

სასტარტო ხუთეულში ჯაკარ სამპსონი მოხვდა და შედარებით სოლიდური დრო (15 წუთი) მიიღო ბითაძემაც, რომელმაც 4 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.

ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ მაკმილანს სათადარიგო კალათბურთელების სახით სოლიდური რესურსი აქვს.

აღნიშნული განვითარების ლიგის გასულ მატჩშიც გამოჩნდა, როდესაც ქართველმა ცენტრმა ფორტ ვეინს 25 ქულა, 20 მოხსნა და 8 დაფარება შესძინა, ალიზ ჯონსონმა კი 22 ქულას 20 მოხსნა წაამატა.

ინდიანელთა ვებ-გვერდის ცნობით, ლიეტუველი საბონისი, რომელსაც მარცხენა მუხლის ტრავმა ისევ აწუხებს, სიქსერსთან მატჩსაც გამოტოვებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ სასტარტო შემადგენლობაში ისევ სემპსონი გამოჩნდება და წინა ხაზში მაილს ტერნერს შეუწყვილდება, ბითაძე კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება და თავის გამოსაჩენად საკმარისი დრო ექნება.

მაკმილანს შემადგენლობის ეს სიღრმე მოსწონს და აცხადებს, რომ მას სათადარიგო მოთამაშეების მიმართ დიდი ნდობა აქვს.

“ლიფი, გოგა, აარონი, მაკკონელი, ალიზი... მათ ყველას შეუძლიათ სარგებლის მოტანა”.

პეისერსში მის გარშემო არსებული ვითარებით უკმაყოფილო სულაც არ სჩანს თავად ბითაძე, რომელიც NBA-ს გასულ დრაფტზე ინდიანელებმა მე-18 ნომრად აირჩიეს.

“მოედანზე ყოველთვის იმისთვის გავდივარ, რომ 100%-თ დავიხარჯო. ამდენად, არა აქვს მნიშვნელობა, რა დონის თამაშია. ის ადამიანი არ ვარ, რომელიც იტყვის, ოჰ, არა, G ლიგაში სათამაშოდ არ წავალ. ეს, პირიქით, მეხმარება. იქ იმდენად წავალ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. მეტიც, თუკი ამის საჭიროება ვიგრძენი, თავად ვთხოვ გუნდის ხელმძღვანელობას, რომ განვითარების ლიგაში გამიშვან”.

საინტერესო დეტალი, რომელზეც პეისერსის საიტი წერს. ბითაძე და ჯონსონი G ლიგაში თამაშის შემდეგ ინდიანაპოლისში გვიან ღამით დაბრუნდნენ და წესით დასვენებაც ეკუთვნოდათ, თუმცა, გოგა დილით ადრე ადგა და მიუხედავად იმისა, რომ წინა საღამოს მოედანზე 44 წუთი გაატარა და ძილიც დააკლდა, სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა.

აქვე ვთქვათ, რომ გოგას გ ლიგაში უკვე 3 მატჩი აქვს ჩატარებული და მისი საშუალო მონაგარი შთამბეჭდავია: 21.7 ქულა, 15.7 მოხსნა და 4.7 დაფარება. ამ გამოცდილების ფონზე, ქართველ კალათბურთელს უკვე გარკვეული პარალელის გავლებაც შეუძლია.

“განვითარების ლიგას თავისი სპეციფიკა აქვს. იქ ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელიც ცდილობს, მოედანზე საკუთარი უპირატესობა დაამტკიცოს. ჩემი დაკვირვებით, იქ NBA-ზე სწრაფი ტემპიც კია. სირბილი და სროლა, ესაა იქაური სტილი, რაც ჩემთვი ცუდი ნამდვილად არ გახლავთ”.

გოგას G ლიგაში შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს

პეისერსის მიერ მიმდინარე სეზონში ჩატარებული 39-ე მატჩიდან გოგას მონაწილეობა 30-ში აქვს მიღებული და მისი საშუალო მონაგარი 3.1 ქულა და 2.4 მოხსნაა. თუმცა, ქართველი მოედანზე მხოლოდ 9.7 წუთს ატარებს, განვრცობილი სტატისტიკა კი გაცილებით შთამბეჭდავ მაჩვენებლებს გვაძლევს, განსაკუთრებით, ბლოკ-შოტებში. თუკი 36 წუთზე გავთვლით, ბითაძეს საშუალოდ 3.1 დაფარება ანუ გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი ექნება, მოხსნებში კი, 8.9-მდე ავა.

ქართველი კალათბურთელი ამბობს, რომ NBA-ში სადებიუტო სეზონში მისთვის მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ის თავიდანვე შეგუებული იყო, რომ ტერნერისა და საბონისის ყოჩაღობის ფონზე, შეზღუდული სათამაშო დრო ექნებოდა. ერთადერთი, რაც გოგას მცირედით აკვირვებს, ლიგაში ყოველდღიური ვარჯიშების ნაკლებობაა.

“მართალი გითხრათ, ველოდი, რომ უფრო დატვირთული წვრთნები მექნებოდა, თუმცა, ისიც მესმის, ასე რატომ არაა. NBA-ში მიჯრით თამაში ხშირად გვიწევს, შესაძლოა, ხუთ დღეში 3 ან 4 მატჩიც კი ჩაატარო. ევროპაში სხვაგვარი ვითარება იყო”.

გოგა არ მალავს, რომ ახლებური სიტუაცია მისთვის უფრო მისაღებია.

“ცხადია, თამაში უფრო მომწონს. ოფიციალური შეხვედრა გაცილებით მეტი სარგებლის მომტანია, ვიდრე თუნდაც ყველაზე დატვირთული ვარჯიში”.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები