Thumbnail
  • საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევში 3 მატჩი გამართა
  • წინ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებია ფინეთთან
  • საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა პოპსპორტის კითხვებს უპასუხა

საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა იტალიაში 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდში იასპარეზა. ქართველმა ხელბურთელებმა რუმინეთთან 24:29 წააგეს, შემდეგ იტალიას 28:25 მოუგეს და დასკვნით შეხვედრაში კოსოვოსთან 21:30 წააგეს. ნიკოლა მაქსიმოვიჩის გუნდი მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა, თუმცა საქართველოს ნაკრებს მთავარი მატჩები წინ ელოდება... 

16 და 19 იანვარს, ორმატჩიანი დუელია ფინეთის ნაკრებთან და ეს უკვე 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფია. დუელში გამარჯვება კონტინენტის პირველობის მთავარ შესარჩევ რაუნდში მოხვედრას ნიშნავს 31 საუკეთესო გუნდთან ერთად. პირველი მატჩი 16 იანვარს 19:00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი 19 იანვარს ქალაქ რიიჰიმიაკიში შედგება. 

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ პოპსპორტის კითხვებს უპასუხა, იტალიაში გამართული მატჩები შეაფასა და ფინეთთან დაგეგმილ დუელზე ისაუბრა... 

popsport: როგორ შეაფასებთ იტალიაში საქართველოს ნაკრების გამოსვლას?

ორჯონიკიძე: ჩვენი ნაკრებისთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია, თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც ფინელებთან მოახლოებულ შეხვედრებზე გვაქვს გაკეთებული. 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ფინეთთან პლეი ოფის ფორმატით უნდა ვითამაშოთ და ერთი ნაბიჯი გვაშორებს მიზანს. რაც შეეხება მსოფლიოს შესარჩევ ციკლს, პირველი ეტაპი ჩატარდა იტალიაში და ძალიან რთულ ჯგუფში მოგვიწია ასპარეზობა. რუმინეთი ტრადიციულად ძალიან ძლიერია, იტალია მასპინძელი იყო და თან, ნატურალიზებული მოთამაშეებით გაძლიერდა. კოსოვოც კარგი გუნდია. 

popsport: უშუალოდ თამაშებზე რას გვეტყვით?

ორჯონიკიძე: საკმაოდ კარგად ვითამაშეთ რუმინეთთან, სადაც ბოლო წუთებამდე ვიბრძოლეთ. სამწუხაროდ, მაინც დავმარცხდით. შემდეგ, იტალიასთან ძალიან კარგი თამაშით გავიმარჯვეთ. სამწუხაროდ, რუმინეთმა კოსოვოს მოუგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დავკარგეთ. ამიტომ, დასკვნით თამაშში კოსოვოსთან მეტი შანსი მიეცათ ახალგაზრდა მოთამაშეებს, ექსპერიმენტებს მივმართეთ და დავმარცხდით. 

ბექა ორჯონიკიძე და საქართველოს ნაკრების ხელბურთელები რუმინეთთან მატჩის დროს
📸 | ხელბურთის ფედერაცია

popsport: ანუ, კოსოვოსთან თამაში ფინეთთან დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად გამოიყენეთ...

ორჯონიკიძე: წასაგებად არ გავსულვართ მოედანზე და მხოლოდ მოგება გვსურდა, მაგრამ მთავარი მაინც ფინეთთან მატჩებისთვის სამზადისი იყო. ვინც განაცხადში იყო, ყველამ ითამაშა და მეტი დროც იმათ მიეცათ, ვისაც აქამდე ნაკლები დრო ეძლეოდა. სხვადასხვა ტაქტიკური ჩანაფიქრები გვქონდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. რაღაცამ გაამართლა, რაღაცამ არა, მაგრამ საბოლოო ჯამში, გამოუცდელობამ თავისი გაიტანა და წავაგეთ. 

popsport: რას უნდა ელოდოს გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებისგან ფინეთთან დუელში?

ორჯონიკიძე: როგორც აღვნიშნე, ჩვენთვის პრიორიტეტი ფინეთთან დაპირისპირებაა. ამიტომ, გუნდი მზადაა მაქსიმუმი გაიღოს და ბოლო წამამდე იბრძოლოს. ტაქტიკა იგივე გვექნება, რაც იტალიასთან შეხვედრაში, რადგან ფინეთი და იტალია დაახლოებით ერთი სტილის გუნდები არიან. 

popsport: მაინც, რა ტაქტიკით დაამარცხეთ იტალიის ნაკრები?

ორჯონიკიძე: იტალიის და ფინეთის სტილის გუნდებს დაცვაში უყვართ დგომა, თავის შანსს კი კონტრშეტევებზე ეძებენ. სწრაფად გადადიანი დაცვიდან შეტევაში და ასეთ დროს ქმნიან ყველაზე დიდ სირთულეს. შესაბამისად, მეტოქეც ამ სტრატეგიისთვის უნდა იყოს მზად და სწრაფი კონტრიერიშებისთვის სივრცეები მაქსიმალურად შეზღუდოს. სწორედ ასე ვეთამაშეთ იტალიას, ჩვენ ავაგეთ თამაში დაცვიდან, რამაც აშკარად გაამართლა. 

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი
📸 | ხელბურთის ფედერაცია

popsport: ტრავმები ხომ არ აწუხებთ საქართველოს ნაკრების ხელბურთელებს?

ორჯონიკიძე: ხელბურთი კონტაქტური სპორტია და მსუბუქი ტრავმები ხშირია, მაგრამ საგანგაშო არაფერია და შემიძლია ვთქვა, რომ ფინეთთან მატჩებისთვის ოპტიმალური შემადგენლობით ვემზადებით. 

popsport: სპორტის სათამაშო სახეობებში, ეროვნული ნაკრების თამაში საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ფინეთთან თბილისური მატჩის წინ, რას ეტყვით გულშემატკივრებს? 

ორჯონიკიძე: ახალი არაფერია იმაში, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგირც ამბობებ, ეს ერთით მეტ მოთამაშეს ნიშნავს. ვთხოვ და მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი გავახაროთ.

კომენტარები

ბოლო ამბები