Thumbnail

ტოჩინოშინის პირველი მოგება – ქართველი სუმოისტი თანაბარ ბალანსზე გავიდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძემ ონოშოსთან რევანში აიღო
  • გაგამარუმ მაკუშიტა მარცხით გახსნა

32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე წლის სასტარტო სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინს, რომელიც ჰაცუ ბაშოს დასავლეთის მე-6 მაეგაშირას რანგში შეხვდა, ნეკნისა და მუხლის ტრავმები ისევ აწუხებს და შეჯიბრისთვის სრულფასოვანი მზადება არ გაუვლია, თუმცა, დღეს კარგად გამოიყურებოდა.

ქართველმა სეკიტორმა დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ონოშოს შანსი არ დაუტოვა, რამდენჯერმე მძლავრად მიაწვა და 23 წლის მეტოქე ოშიდაშით დაამარცხა. ლევანს იაპონელთან აქამდე გამართული ერთადერთი შერკინება წაგებული ჰქონდა და ამდენად, რევანშის აღება შესძლო.

📺 ტოჩინოშინი - ონოშო

ტოჩინოშინი თანაბარ ბალანსზე გავიდა, ხვალ კი, დასავლეთის მე-8 მაეგაშირა რიუდენს პირისპირ დადგება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს უგებს. 29 წლის იაპონელს ტოკიოში ასევე თითო გამარჯვება და მარცხი აქვს.

სამწუხაროდ, ჰაცუ ბაშოში წარუმატებლად ჩაერთო გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც უკვე რანგით მე-3 ლიგაში (მაკუშიტა) ასპარეზობს.

აღმოსავლეთის მე-9 ნომრის წოდების მქონე ქართველმა გოლიათმა დღეს დასავლეთის მე-8 რეიტინგოსან გოკუშიდოსთან ჰატაკიკომით წააგო.

შეგახსენებთ, რომ თეიმურაზი იანვრის სუპერტურნირზე მხოლოდ 7 ორთაბრძოლას ჩაატარებს და დადებითი ბალანსისთვის 4 მოგება სჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები