Thumbnail
  • დენვერი 114:104 კლიპერსი
  • კავაის, ჰარელს და უილიამსს 81 ქულა ჰქონდათ - კლიპერსმა მაინც წააგო
  • დენვერიდან საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო

NBA-ს ბოლო სათამაშო დღის მთავარ შეხვედრაში დასავლეთ კონფერენიის ლიდერები დენვერი და კლიპერსი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

კლიპერსი თამაშს ტრავმირებული პოლ ჯორჯის გარეშე ატარებდა. კავაი ლეონარდი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო - 25-დან 12 სროლა ჩააგდო და 30 ქულა დააგროვა, თუმცა კლიპერსს ამანაც ვერ უშველა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის სამი საუკეთესო ჩამყრელი სწორედ კლიპერსიდან იყო, თამაში კი მაინც დენვერმა მოიგო. კავაისთან ერთად 26 ქულა ლუ უილიამსმა ჩააგდო, 25 კი - მონტრეზ ჰარელმა. პრობლემა ის არის, რომ ამ სამეულს ერთად 81 ქულა ჰქონდა, ყველა სხვა მოთამაშეს ერთად კი მხოლოდ - 23.

დენვერმა აქცენტი ტრადიციულად კოლექტიურ თამაშზე გააკეთა - ერთდროულად შვიდი მოთამაშე აცდა 10-ქულიან მაჩვენებელს, საუკეთესო კი გუნდის ლიდერი ნიკოლა იოკიჩი იყო - 20 ქულა და 15 მოხსნა.

გადამწყვეტი სამქულიანი სროლები აღმოჩნდა. კლიპერსს პერიმეტრიდან სროლა არ წაუვიდა - 33-იდან მხოლოდ 8 სროლა გამოიყენა, რაც ზუსტი სროლების კატასტროფული 24.2 პროცენტია. აღსანიშნავია, რომ ვერცერთმა მოთამაშემ კლიპერსის სათადარიგო სკამიდან სამქულიანი ვერ ჩააგდო. დენვერმა კი 25-დან 11 სამქულიანი ჩააგდო - ზუსტი სროლების 44%.

გარდა ამისა, დენვერი ახერხებდა ჯარიმების მოპოვებას. კოლორადოელებმა 37 ჯარიმა ისროლეს და ჯარიმებით ქულებს სტაბილურად აგროვებდნენ.

ამ გამარჯვების შემდეგ დენვერი დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, კლიპერსი კი მხოლოდ მეხუთეზე.

📺 დენვერი 114:104 კლიპერსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები