Thumbnail
  • რომამ და იტალიის ნაკრებმა ტრავმის გამო ნიკოლო ძანიოლო დაკარგა
  • მას ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი და ევრო 2020-ს გამოტოვებს
  • რომა 1:2 იუვენტუსი

რომასთვის იუვესთან წაგება ყველაზე ცუდი ამბავი არ ყოფილა. რომაელთათვის ბევრად უარესი ის იყო, რომ მატჩის პირველივე ტაიმში, რომას და იტალიის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავმა ნიკოლო ძანიოლომ მძიმე ტრავმა მიიღო.

ტრავმის სიმძიმე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა - ძანიოლო ფიზიკური კონტაქტის გარეშე დაეცა გაზონზე. გასახდელიდან იგი პირდაპირ წაიყვანეს კლინიკაში, რომელიც მან სულ რამდენიმე საათში დატოვა. ექიმებმა გულშემატკივარის ყველაზე ცუდი პროგნოზი გაამართლეს - ძანიოლოს მუხლის ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი. ამასთან ერთად, დაზიანებულია მენისკიც.

ნიკოლო ძანიოლოს თანადგომა ყველამ გამოუცხადა

ოპერაციას ნიკოლო ძანიოლო დღეს იკეთებს და რეაბილიტაციას სულ მცირე 6 თვე დასჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ძანიოლო სეზონის მეორე ნახევარსაც გამოტოვებს და ევროპის ჩემპიონატსაც, რაც რობერტო მანჩინისთვის დიდი დარტყმაა.

ჯვარედინი იოგების გაგლეჯვა ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმაა და მისი რეაბილიტაციის შემდეგაც კი სრულფასოვანი დაბრუნება მოედანზე ძალიან ჭირს. სწორედ ეს ტრავმა მიიღო "ელ ფენომენო" რონალდომ, ალესსანდრო დელ პიერომ, კლაუდიო მარკიზიომ - თითოეულ მათგანს ტრავმის შემდეგ სისწრაფე დაუქვეითდა. 

ტრავმის შემდეგ მთელი იტალია ერთიანი იყო - ძანიოლოს გამოჯანმრთელება ყველამ უსურვა. მათ შორის იყო ჯიჯი ბუფონიც, რომელიც ძანიოლოსთან სპეციალურად მივიდა.

"მალე გამოჯანმრთელდი, იტალის სჭირდები", - ასეთი იყო ბუფონის გზავნილი.

კომენტარები

ბოლო ამბები