Thumbnail

უარი ბარსელონას! ჩავის მუშაობის დაწყება მხოლოდ ზაფხულიდან სურს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩავი ერნანდესმა ბარსელონას ახლავე ჩაბარებაზე უარი თქვა
  • ლეგენდარული ნახევარმცველის სურვილია, ბარსა ზაფხულიდან გაწვრთნას

ბარსელონას მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლებას უწინასწარმეტყველებენ და როგორც ირკვევა, კატალონიურ გრანდს მის ნაცვლად ჩავი ერნანდესის დანიშვნა სურს, მაგრამ ახალი ინფორმაციით, ბარსას ლეგენდამ გუნდის ახლა ჩაბარებაზე უარი თქვა.

‘მარკას’ ინფორმაციით, ჩავის არ სურს, რომ ბარსელონას მთავარ მწვრთნელად შუა სეზონში დაინიშნოს. ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ დღეს 39 წლის ლეგენდამ ბარსას შეფებს უარი უთხრა. თუმცა, ‘მარკაში’ ვკითხულობთ, რომ ეს უარი მხოლოდ ზაფხულამდე მოქმედებს, ივნისში კი, ჩავი, შესაძლოა, მაინც დაინიშნოს. მეტიც: ‘მარკა’ წერს, რომ ჩავი ერნანდესს ბარსელონას გაწვრთნა სწორედ ზაფხულიდან სურს.

მანამდე, ჩავიმ და მისმა ამჟამინდელმა ყატარულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ბარსელონა მსოფლიოსა და ევროპის ექს-ჩემპიონთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ბარსას მენეჯერი ოსკარ გრაუ და სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი პარასკევს დოჰაში ჩავიდნენ და ჩავისთან პირველი მოლაპარაკებები გამართეს.

“ბევრის თქმა არ შემიძლია, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ აბიდალს შევხვდი, რომელიც ჩემი მეგობარია, - აღნიშნა ჩავიმ, - ჩვენ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. ვერ დავმალავ, რომ ჩემი ოცნებაა, ბარსელონას მწვრთნელი გავხდე. ეს ადრეც არაერთხელ მითქვამს.”

კომენტარები

ბოლო ამბები