Thumbnail

ისტორიული მედალი ოლიმპიადაზე – ქართულმა წყვილმა ბრინჯაო მოიპოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბუტაევა და ბერულავა ლოზანაში მე-3 ადგილზე გავიდნენ
  • მედლის მოპოვების შანსი ალინა ურუშაძესაც აქვს

ქართულმა დელეგაციამ ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა.

ალინა ბუტაევა & ლუკა ბერულავა

🇬🇪 ⛸️ საქართველოს მოციგურავეებმა - ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ ლოზანაში მიმდინარე ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე წყვილთა შორის ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. #ზამთრისმესამეახალგაზრდულიოლიმპიურითამაშები #ფიგურულიციგურაობა #ლოზანა2020

Posted by საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee on კვირა, 12 იანვარი, 2020

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე შეჯიბრზე წარმატებას ფიგურული ციგურაობის წყვილმა მიაღწია ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპორტსმენებმა მოკლე პროგრამაში მე-3 შედეგი დააფიქსირეს და ფინალში ამ პოზიციის შენარჩუნება მოახერხეს, რამაც ჩვენებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ბუტაევამა და ბერულავამ თავისუფალ პროგრამაში 98.15 ქულა (47.73 ტექნიკური ელემენტებისთვის+51.42 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღეს და მხოლოდ რუსულ წყვილებს ჩამორჩნენ.

საბოლოო ჯამში, ალინა და ლუკა კვარცხლბეკზე 157.42 ქულით ავიდნენ, ოქრო პანფილოვასა და რილოვს (199.21) ერგოთ, ვერცხლი კი – მუხამეტზიანოვასა და მირონოვს (175.42).

13 იანვარს ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საპრიზო სამეულში მოსახვედრად იბრძოლებს ალინა ურუშაძე, რომელიც გოგონათა მოკლე პროგრამის შემდეგ მე-5 ადგილზე იმყოფება.

📺 ალინა ურუშაძის მოკლე პროგრამა

ქართველმა მოციგურავემ პირველ გამოსვლაში 63.10 ქულა (34.16 ტექნიკური ელემენტებისთვის+28.94 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურა და იუნ იუს (სამხრეთ კორეა, 73.51), კსენია სინიცინას (რუსეთი, 71.77), ანა ფროლოვასა (69.07) და მანა კავაბეს (65.84) ჩამორჩა.

ხვალვე ყინულზე ცეკვებში დახელოვნებული წყვილებიც გავლენ, რომელთა შორის იულია ლებედევა-ბითაძე და მიხეილ კაიგოროდცევიც არიან.

მათ მოკლე პროგრამაში 47.20 ქულა (24.83 ტექნიკური ელემენტებისთვის+23.37 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღეს და 12 წყვილს შორის მე-11 შედეგი დააფიქსირეს. იმედია, ქართველ სპორტსმენებს თავისუფალ პროგრამაში უკეთესი მაჩვენებელი ექნებათ.

ვთქვათ ისიც, რომ დღეს გიგანტურ სლალომში სცადა ბედი ნინო კურტანიძემ. ქართველი სამთო-მოთხილამურე პირველი ცდის შემდეგ 52-ე იყო (ლიდერს 22.79 წამით ჩამორჩა), მე-2 ცდისას კი ფინიშამდე ვერ მივიდა. ხვალ გიგანტურ სლალომში სტარტზე ნოდარ კოზანაშვილს ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები