Thumbnail

ჰაცუ ბაშო | ტოჩინოშინის წაგება იანვრის სუპერტურნირის პირველ დღეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძეს ტრავმა ისევ აწუხებს
  • გაგამარუ პირველ შერკინებას ორშაბათს ჩაატარებს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სტარტი აიღო წლის პირველმა სუპერტურნირმა სუმოში, რომელშიც ტრადიციულად 2 ქართველია ჩაბმული: ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონშია, ხოლო გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი ძალებს რანგით მე-3 ლიგაში (მაკუშიტა) სცდის.

📺 ტოჩინოშინი - შოჰოძანი

ტოჩინოშინი, რომელიც ბოლოდროინდელი წარუმატებლობების შედეგად, დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებამდე დაქვეითდა, ჰაცუ ბაშოსაც ტრავმირებული შეხვდა და დღეს, დოჰიოზე შეხვეული მუხლით გავიდა, ამასთან ისევ აწუხებს დაზიანებული ნეკნიც.

სამწუხაროდ, ლევანს პირველივე ორთაბრძოლაში შეეტყო, რომ სრული დატვირთვით გარჯა ისევ უჭირს. აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა შოჰოძანმა ის სწრაფი იერიშებით შეავიწროვა და საბოლოოდ, ქართველი ფალავანი დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ხვალ, გორგაძის მეტოქე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ონოშო იქნება, რომელსაც ჩვენებური ერთადერთხელ, 2017 წლის სექტემბერში დაპირისპირებია და ჰიკიოტოშით აქვს წაგებული.

იანვრის სუპერტურნირის პირველ დღეს, გამარჯვება იზეიმა მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ, მისივე თანამემამულე, ასევე იოკოძუნა კაკურიუ კი რიგით მაეგაშირა ენდოსთან დამარცხდა. გამოსარჩევია ოძეკი გოეიდოს წაგებაც ჰოკუტოფუჯისთან.

ჰაცუ ბაშოში ხვალ ჩაებმება გაგამარუ, რომელსაც მაკუშიტაში მე-9 განთესვა აქვს. მისი მეტოქე დივიზიონის მე-8 ნომერი გოკუშიდო იქნება. შეგახსენებთ იმასაც, რომ ქართველ გოლიათს ამჯერად მხოლოდ 7 ორთაბრძოლის ჩატარება მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები