Thumbnail
  • ბარსელონას ჩავი ერნანდესის დაბრუნება სურს
  • ბარსას ლეგენდამ და მისმა კლუბმა მოლაპარაკებები დაადასტურეს
  • ლიონელ მესი ვალვერდეს ნაცვლად ჩავის დანიშვნას მიესალმება

ჩავი ერნანდესი და ბარსელონა - ეს 24-წლიანი გრანდიოზული ეპოქა იყო!

ლეგენდარულმა ნახევარმცველმა კატალონიური გრანდი 2015 წელს დატოვა და ყატარულ ალ სადში გადავიდა, სადაც კარიერის დასრულების შემდეგ, ზაფხულში მთავარი მწვრთნელი გახდა. ახლა კი ბარსელონას სურვილია, რომ ჩავი დააბრუნოს და მთავარ მწვრთნელად დანიშნოს. ერნესტო ვალვერდეს ბარსელონური თავგადასავალი კი დასასრულს უახლოვდება.

ჩავიმ და მისმა ამჟამინდელმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ბარსელონა მსოფლიოსა და ევროპის ექს-ჩემპიონთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. “ბარსელონასა და ჩავის შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სადაც არ უნდა წავიდეს, ჩვენ მას წარმატებებს ვუსურვებთ,” - განუცხადა ალ სადის სპორტულმა დირექტორმა მუჰამედ გულამმა ადგილობრივ ტელეარხ ალკასს.

ესპანური სპორტული მედიის ინფორმაციით, ბარსელონა ჩავის 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. როგორც ირკვევა, ბარსას მენეჯერი ოსკარ გრაუ და სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი პარასკევს დოჰაში ჩავიდნენ და ჩავისთან პირველი მოლაპარაკებები გამართეს.

“ბევრის თქმა არ შემიძლია, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ აბიდალს შევხვდი, რომელიც ჩემი მეგობარია, - აღნიშნა ჩავიმ, - ჩვენ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. ვერ დავმალავ, რომ ჩემი ოცნებაა, ბარსელონას მწვრთნელი გავხდე. ეს ადრეც არაერთხელ მითქვამს.”

კატალონიური გრანდის ამჟამინდელ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, მადრიდის ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ ყველა 55 წლის სპეციალისტს აკრიტიკებს, თუმცა ვალვერდეს კრიტიკა ამ თამაშის შემდეგ არ დაწყებულა - ბარსას გულშემატკივრები მის გაშვებას დიდი ხანია ითხოვენ.

მართალია, ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატს რეალ მადრიდთან ერთად ლიდერობს (40-40 ქულა), მაგრამ ფაქტია, რომ კატალონიური გრანდის ფეხბურთი ხარისხით ძალიან შორსაა იმ ფეხბურთისგან, რასაც ბარსა ჩავის ფეხბურთელობის დროს თამაშობდა.

ჩავი - ახალი გვარდიოლა?

გახდება ჩავი ერნანდესი ახალი ხოსეპ გვარდიოლა? ფაქტია: თავის დროზე პეპის დანიშვნამ ისტორიული შედეგი გამოიღო, ჩავი ერნანდესი კი ბარსას ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ზუსტად ისე, როგორც ჩავი, ფეხბურთელობის დროს გვარდიოლაც ცენტრალური ნახევარმცველი იყო. ორივეს სრულყოფილი, შემტევი ფეხბურთი უყვარს. ყატარის ლიგაში ჩავის გუნდი საშუალოდ ერთ მატჩში 1,79 ქულას აგროვებდა და მესამე ადგილზეა. აზიის ჩემპიონთა ლიგაში 39 წლის ჩავის გუნდი ნახევარფინალში დამარცხდა.

ჩავი ერნანდესს ბარსელონაში საუკეთესო იმიჯი აქვს. უდიდესი (თუ გადამწყვეტი არა) მნიშვნელობა აქვს ლიონელ მესის მოსაზრებასაც, რომელმაც ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში თქვა, ჩავი დიდებული მწვრთნელი გახდებაო...

კომენტარები

ბოლო ამბები