Thumbnail
  • ტოტენჰემი 0:1 ლივერპული
  • იურგენ კლოპისა და ჟოზე მოურინიოს კომენტარები

ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ჟოზე მოურინიოს ტოტენჰემმა იურგენ კლოპის ლივერპულს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი 37-ე წუთზე ბრაზილიელმა რობერტო ფირმინომ გაიტანა.

მოურინიოს ტოტენჰემში 4-მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა, ლონდონური კლუბი 30 ქულით მხოლოდ მე-8 პოზიციაზეა. ლივერპული 61 ქულით ლიდერია და ლესტერს (მე-2 ადგილი) 16 (!) ქულით უსწრებს.

ლივერპულს ფირმინოს გოლმა მოაგებინა

მერსისაიდელებმა რეკორდი დაამყარეს - ტოპ 5 ევროპულ ლიგაში პირველად, 21 სასტარტო მატჩიდან 20 მოიგეს!

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "პირველი და მთავარი - შედეგია. ჩვენ დამსახურებულად მოვიგეთ, ტოტენჰემთან სტუმრად მოგება არაორდინალური რამ არის. ჩვენი ბრალია, რომ ყველაფერი 50-ე წუთისთის არ გადავწყვიტეთ.

პირველ ტაიმში მეტოქე 4-6-0 სქემით გვეთამაშებოდა. ამ სტადიონზე მოგება ძნელია და ეს ბევრმა საკუთარ თავზე განიცადა. 

მოგების გამო მეცხრე ცაზე ვარ ბედნიერებისგან, მაგრამ მატჩი მაინც გასარჩევია - მეტი გოლი უნდა გაგვეტანა! მეორე ტაიმში გუნდი ცოტა დაიღალა, მაგრამ ამოცანას თავი გაართვა. კარგი სტარტისთვის არავინ არაფერს მოგცემს, მთავარი ტიტულია". 

ჟოზე მოურინიო (ტოტენჰემის მწვრთნელი): "ასეთია ფეხბურთი - ხანდახან, იმაზე მეტს იღებ, ვიდრე იმსახურებ. დღეს ჩვენ არაფერი მივიღეთ. არადა, რაღაცას მაინც ვიმსახურებდით.

დღეს ერთმანეთს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი და კრიზისულ პერიოდში მყოფი, ტრავმებით გატანჯული გუნდი ხვდებოდნენ. ჩვენ შევეცადეთ, შეგვეცვალა მატჩის მიმდინარეობა, ბიჭებმა მოინდომეს.

ტოპ 4? ამაზე საუბარი შეიძლება, როცა იწყებ სეზონს და არა მაშინ, როცა 12-ქულიანი ჩამორჩენა გაქვს მიზნამდე".

კომენტარები

ბოლო ამბები