Thumbnail

დებიუტი ორ TOP ლიგაში - ქართველი მსაჯების დიდი წარმატება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველ მსაჯთა ბრიგადა PRO 14-სა და PRO D2-ში იმსაჯებს
  • გარდა ამ დიდი ტურნირებისა, ისინი 20-წლამდელთა 6 ერზეც იმუშავებენ

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, თებერვალში პრო 14-ის, ხოლო მარტში პრო D2-ის თამაშს განსჯის.

25 წლის რეფერი თანამსაჯებთან - შოთა თევზაძესა და საბა აბულაშვილთან ერთად პარიზშია, სადაც ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში ''სტად ჟან ბუენზე'' სტად ფრანსესა და იტალიური ძებრეს შეხვედრას მოემსახურება.

ერთ კვირაში ქართველი მსაჯები კარდიფში გადაინაცვლებენ და კარდიფისა და კალვიზანოს მატჩს განსჯიან.

ამაშუკელი 1-ელ თებერვალს კვლავ საფრანგეთში იმსაჯებს, ამჯერად 20-წლამდელთა ექვს ერზე. გრენობლში ის ირაკლი ჭანუკვაძესა და საბა აბულაშვილთან ერთად, ტურნირის ცენტრალურ მატჩს მოემსახურება, რომელშიც საფრანგეთი ინგლისს უმასპინძლებს.

8 თებერვალს ქართველ მსაჯთა ბრიგადა ''ავივა სთედიუმზე'', 20-წლამდელთა ექვსი ერის მეორე ტურში, პრინციპულ დაპირისპირებაში ირლანდიისა და უელსის ნაკრებების შეხვედრას განსჯიან.

ნიკა ირლანდიაში დარჩება და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს და ურთულეს ტურნირში, პრო 14-ში დებიუტი ექნება. მას ირლანდიური მანსთერისა და სამხრეთ აფრიკის კინგსის განსჯა მიანდეს, რომელიც 14 თებერვალს გაიმართება.

22 თებერვალს ნიკას კიდევ ერთი მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრა ელის, ამჯერად რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, სადაც რუმინეთისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს იმსაჯებს.

მარტში ქართველ მსაჯს კიდევ ერთი დებიუტი ელის. ის საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, PRO D2-ის შეხვედრას მოემსახურება. რომელი თამაში შეხვდება ქართველ რეფერის, მოგვიანებით გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები