Thumbnail
  • დინამო თბილისის თავდამსხმელი პავლოდარის ირტიშის ღირსებას დაიცავს
  • 30 წლის ფეხბურთელი ყაზახურ გუნდს თურქულ შეკრებაზე უკვე შეუერთდა
  • ლევანს იმედი აქვს, რომ ირტიშიდან საქართველოს ნაკრებში მოხვედრას შეძლებს

საქართველოს 2019 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ლევან კუტალია კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში, პავლოდარის ირტიშში გააგრძელებს. 30 წლის ქართველი ფორვარდის დამატების შესახებ ყაზახურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა:

"მოხარული ვართ და მივესალმებით ლევანს თეთრ-ლურჯების ოჯახში და ვუსურვებთ მას პავლოდარის კლუბში რაც შეიძლება ბევრ კარგ მატჩსა და ლამაზ გოლს", - წერს ირტიშის ოფიციალური საიტი.

ყაზახური მედიის ცნობით, ლევანმა ირტიშთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ქართველი ფეხბურთელი ყაზახურ გუნდს თურქულ შეკრებაზე უკვე შეუერთდა, რომელთან ერთად პირველი ვარჯიშიც გამართა.

⚪🔵Жиын барысындағы жаттығулардың қарқыны мен жүктеме артып келеді, доппен жұмыс жасауға назар қойылуда💪 ⠀ 😎Белектегі...

Posted by FC ERTIS Pavlodar on პარასკევი, 10 იანვარი, 2020

ამავდროულად, ლევანმა შთაბეჭდილებები ყაზახურ sports.kz-ს გაუზიარა, სადაც თავის არჩევანზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ყაზახეთის ჩემპიონატში წარმატებული გამოსვლით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრასაც შეძლებს, ელგუჯა ლობჯანიძის მსგავსად:

"ირტიში სახელიანი გუნდია, ამან მომხიბლა და ამიტომაც დავთანხმდი პავლოდარის კლუბში თამაშს. იმედი მაქვს, რომ სეზონის დასაწყისიდანვე კარგი გუნდი ვიქნებით. 

რა თქმა უნდა, ჩემთვის საინტერესო იყო ყაზახეთის ჩემპიონატიც. მინდა, გოლები აქაც გავიტანო და დავეხმარო გუნდს ცხრილში მაღალი პოზიციის დაკავებაში. წინადადები მქონდა რუსეთიდან, უნგრეთიდან, ასევე აზიიდან, მაგრამ ყაზახეთში მოვედი და ეს მახარებს.

იმედი მაქვს, რომ გოლებს გავიტან და მეც გამომიძახებენ ნაკრებში. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და მე ამას შევძლებ". 

ლევან კუტალიამ დინამო თბილისის ჩემპიონობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
📷 | fcdinamo.ge

ლევან კუტალიამ პროფესიონალური კარიერა ზუგდიდის მგლებში დაიწყო, 2008 წლიდან კი ბოსნია-ჰერცოგოვინაში გადაბარგდა, სადაც ჯერ სარაევოს სლავიაში ითამაშა, შემდეგ კი - ზრინსკი მოსტარში. 2012 წელს ლევანი სამშობლოში დაბრუნდა და ზუგდიდში, ქობულეთის შუქურაში, მარტვილის მერანში, ოდიში 1919-სა და ქუთაისის ტორპედოში გამოდიოდა. კუტალიას ბოლო კლუბი დინამო თბილისი იყო, რომელთან ერთადაც 2019 წელს ჩემპიონობა მოიპოვა. დინამოელთა მაისურით ჩატარებულ 33 მატჩში კუტალიამ 20 გოლი გაიტანა და ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ირტიშმა ყაზახეთის სუპერლიგის 2019 წლის სეზონი სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე დაასრულა. გუნდს 57 წლის სერბი სპეციალისტი მილან მილანოვიჩი წვრთნის.

კომენტარები

ბოლო ამბები