Thumbnail
  • ჩიკაგო ბულსი 105:116 ინდიანა პეისერსი
  • დომანტას საბონისის ტრავმის გამო, გოგა ბითაძემ 14:34 წუთი ითამაშა
  • 20 წლის ქართველმა ცენტრმა 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა
  • ჩიკაგო ბულსს ზაკ ლავინის შედეგიანმა თამაშმაც ვერ უშველა

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს ჩიკაგო ბულსმა საკუთარ მოედანზე ინდიანა პეისერსი მიიღო. გოგა ბითაძის გუნდმა მეტოქეს დამაჯერებლად, ამ სეზონში უკვე მეორედ მოუგო და ამაში თავისი წვლილი პეისერსის 20 წლის ქართველმა ცენტრმაც შეიტანა. 

გოგა ბითაძე ბულსის ცენტრის დენიელ გეფორდის წინააღმდეგ 

დომანტას საბონისის მუხლის ტრავმის გამო, გოგა ბითაძემ მისთვის უჩვეულოდ დიდი სათამაშო დრო მიიღო - 14:34 წუთი და ინდიანას 4 ქულით, 3 მოხსნითა და თითო პასით, დაფარები9თა და ჩაჭრით დაეხმარა. ბითაძემ მასპინძელთა ფარს 3-ჯერ ორქულიანი ზონიდან (2-ჯერ ზუსტად), ერთხელ კი პერიმეტრიდან შეუტია. მის სტატისტიკაში ასევე ბურთის 2 დაკარგვაა, +/- კოეფიციენტი კი - 11-ს შეადგენს. 

📺 გოგას დაფარება

ბულსისა და პეისერსის დაპირისპირება თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა, რომლებმაც ანგარიშში წინ გასვლა პირველ მეოთხედშივე შეძლეს და მას შემდეგ მეტოქეს დაწევის შანსი აღარ მისცეს. ჩიგაკომ მხოლოდ მესამე პერიოდში გაიბრძოლა, რომელიც ერთი ქულით მოიგო (26:25), მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

📺 აქ უკვე გოგა უძლური იყო

გამარჯვებულებს ძირითადმა ცენტრმა მაილს ტერნერმა ულიდერა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 27 ქულა, 14 მოხსნა. 19 ქულა იყო სტუმართა გამთამაშებლის აარონ ჰოლიდეის ანგარიშზე, რომელმაც 6-იდან ექვსივე ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანიდან კი მხოლოდ ერთი ააცილა. 17 ქულა იყო ტი ჯეი უორენის ანგარიშზე, ხოლო 16 - დაგ მაკდერმოტის.

📺 ტერნერი ბულსის წინააღმდეგ

მოედანზე ყველაზე შედეგიანი კი ბულსის მცველი ზაკ ლავინი იყო, რომელმაც 13-იდან 8 სამქულიანი ზუსტად ისროლა და საბოლოოდ თამაში 43 ქულით დაასრულა. 23 ქულა იყო მასპინძელთა გამთამაშებლის კობი უაითის ანგარიშზე, რომელიც თანაგუნდელის მსგავსად, პერიმეტრიდან ცდილობდა გუნდის დახმარებას - 9-იდან 5 ზუსტი სამქულიანი.

📺 ზაკ ლავინი ინდიანას წინააღმდეგ

ინდიანა პეისერსისთვის ეს მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 39 მატჩში 24-ე მოგებაა და გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 14 იანვარს, შინ ფილადელფიასთან ჩაატარებს, რომელსაც აღმოსავლეთში პეისერსზე ერთით მეტი მოგება აქვს და ცხრილში მეხუთეა.

კომენტარები

ბოლო ამბები