Thumbnail

დიდი სუმო ბრუნდება! ტოჩინოშინსა და გაგამარუს ჰაცუ ბაშო ელით

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტოკიოს სუპერტურნირი 12-26 იანვარს ჩატარდება
  • ტოჩინოშინის სასტარტო მეტოქეების ვინაობა ცნობილია

იაპონიის სუმოს ასოციაციამ მოახლოებული ჰაცუ ბაშოს სასტარტო დღეების განრიგი გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ წლის პირველი სუპერტურნირი 12-26 იანვარს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” შედგება, რომელსაც იაპონელები სუმოს მექას უწოდებენ.

ქართველი ექს-ოძეკი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი მოახლოებულ შეჯიბრს დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით ხვდება და საწყის ორთაბრძოლას აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა შოჰოძანთან ჩაატარებს, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 14:7-ს უგებს.

ჰაცუ ბაშოს მე-2 დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ონოშოს შეერკინება, რომელსაც მხოლოდ ერთხელ შეხვედრია და ის ორთაბრძოლა წაგებული აქვს.

სათქმელია, რომ ქართველ სუმოისტს ტრავმები ჯერაც აწუხებს და ტურნირისთვის სრულფასოვანი მზადება არ გაუვლია, ამიტომაც რაიმე შანსებზე საუბარი რთულია.

სხვათა შორის, ტოჩინოშინი 2018 წლის იანვრის შემდეგ პირველად არ იჭიდავებს სანიაკუს რიკიშის სტატუსით. აღნიშნული დროის განმავლობაში მან 7 ბაშო ოძეკის რანგში ჩაატარა, 4 კი – სეკივაკის. 

იმისთვის, რომ კომუსუბი გახდეს, გორგაძემ ტოკიოში 10-ზე მეტი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს, რაც ძალიან რთული იქნება. 

საუკეთესო ფორმაში არც გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი იმყოფება, რომელიც რანგით მესამე, მაკუშიტას დივიზიონში დაქვეითდა, იქ მე-9 ნომერი იქნება და იანვარში 7 მხოლოდ შერკინების გამართვა მოუწევს.

გაგამარუმ კარიერაში მეორედ დაკარგა სეკიტორის (ელიტის სუმოისტი – დაახლოებით 70%) სტატუსი და იმედია, ისევ დაიბრუნებს. ამისთვის მას უბრალოდ დადებითი ბალანსი (4-3) ალბათ, არ ეყოფა. ჯუღელის პირველი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

დასასრულ, გეტყვით, რომ ჰაცუ ბაშოს წინ, იაპონიის სუმოს ასოციაციამ სუმოისტების მონაცემები განაახლა. მათ თანახმად, ტოჩინოშინი 191 სმ. სიმაღლისაა და 177 კგ-ს იწონის, გაგამარუს მონაცემები კი ასეთია – 186 სმ. 199 კგ.

კომენტარები

ბოლო ამბები