Thumbnail

ქართული წყვილი მე-3 ადგილზეა! მედლის შანსი ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა მხოლოდ რუსებს ჩამორჩნენ
  • ქართველები თავისუფალ პროგრამას კვირას შეასრულებენ

ზამთრის მე-3 ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც შვეიცარიის ქალაქ ლოზანა მასპინძლობს, პირველი ქართველი სპორტსმენები ვიხილეთ.

ფიგურულ ციგურაობაში სპორტული წყვილების მოკლე პროგრამაში დამაჯერებლად იასპარეზეს ალინა ბუტაევამა და ლუკა ბერულავამ, რომელთაც კვარცხლბეკზე ასვლის კარგი შანსი აქვთ.

ქართველმა სპორტსმენებმა დღევანდელ გამოსვლაში მსაჯებისგან 59.14 ქულა (34.60 ტექნიკური ელემენტებისთვის+24.54 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურეს, რაც მე-3 შედეგი აღმოჩნდა.

ბუტაევა და ბერულავა მხოლოდ რუსულ წყვილებს ჩამორჩნენ. პირველები პანფილოვა და რილოვი (71.74) იყვნენ, მეორეები კი – მუხამეტზიანოვა და მირონოვი (60.45).

შედეგებიდანაც სჩანს, რომ ქართველ მოციგურავეებს ვერცხლის მედლებისთვის ბრძოლაც რეალურად შეუძლიათ, ამასთან, ისინი საგრძნობი უპირატესობით უსწრებენ მე-4 ადგილზე მყოფ ამერიკულ დუეტს (ფლემინგი-ისბელი, 49.87).

სპორტული წყვილები თავისუფალ პროგრამას 12 იანვარს შეასრულებენ და სწორედ ამ დღეს გავიგებთ, ქართული დელეგაცია ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედლებს მოიპოვებს თუ – ვერა.

ხვალ, 11 იანვარს საქმეში კიდევ სამ ჩვენებურს ვიხილავთ. ყინულზე ცეკვებში მოკლე პროგრამას მიხელ კაიგოროდცევი და იულია ლებედევა-ბითაძე შეასრულებენ, გოგონათა შორის კი ძალებს ალინა ურუშაძე სცდის.

კომენტარები

ბოლო ამბები