Thumbnail

'მიზანი 12 საუკეთესო გუნდში მოხვედრაა' - ინტერვიუ ზურაბ რურუასთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება. რევაზ ჩომახიძის გუნდი ჯგუფში საფრანგეთთან, საბერძნეთთან და იტალიასთან მოხვდა. პირველი შეხვედრა 14 იანვარს საფრანგეთთან შედგება, 16 იანვარს მეორე მატჩია საბერძნეთთან, ჯგუფის დასკვნითი მატჩი კი 18 იანვარს იტალიასთან გაიმართება. პოპსპორტის კითხვებს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზურაბ რურუამ უპასუხა...  

popsport: როგორ მოემზადა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის?

რურუა: ევროპის ჩემპიონატისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ნაკრების ძირითადი ბირთვი თბილისის დინამოში ვიყავით და ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშეთ. ეს ნამდვილად იყო დიდი გამოცდილება. შემდეგ, ნაკრებზე გადმოვერთეთ და სექტემბერში შეკრება გვქონდა. რუმინეთთან ამხანაგური მატჩები გავმართეთ, რასაც მონტენეგროში გამართული ტურნირი მოჰყვა. მასპინძელთა ნაკრების გარდა, გერმანიას და საფრანგეთს შევხვდი. ერთი სიტყვით, ევროპის ჩემპიონატისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ.

popsport: რამდენად რეალურია პლეი ოფში გასვლა და ზოგადად, რა მიზანი გაქვთ ევროპის ჩემპიონატზე?

რურუა: პროგრამა მაქსიმუმი ჯგუფიდან გასვლა და 12 საუკეთესო ნაკრებში მოხვედრაა. მთავარი კონკურენტი საფრანგეთის ნაკრებია, რომელთანაც პირველივე შეხვედრა გვიწევს. თუ მოვიგეთ, პლეი ოფში გასვლა უკვე ძალიან რეალურია. ისე კი, ჯობდა ფრანგებთან მეორე შეხვედრა ჩაგვეტარებინა, მაგრამ კალენდარი ასეა შედგენილი და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

popsport: ზოგადად, როგორ შეაფასებ ჯგუფს და სხვა მეტოქეებს?

რურუა: ყველაზე რთული ჯგუფია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გაგვიმართლა. მეორე ეშელონის გუნდებში, საფრანგეთი ყველაზე ძლიერია და ჩვენ ჯგუფში მოხვდა. იტალიასთან ნაკლები შანსი გვაქვს, მაგრამ ასევე ბრძოლა გველოდება საბერძნეთთან. რთული ჯგუფია, მაგრამ რაც არის, ეს არის. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ზურაბ რურუა

popsport: საფრანგეთის ნაკრებს რამდენიმე დღის წინ შეხვდით და 9:12 წააგეთ. მაქსიმუმი აჩვენეთ იმ შეხვედრაში, თუ არის მომატების რესურსი?

რურუა: ამხანაგური მატჩი იყო და ბოლომდე არ გვიჩვენებია შესაძლებლობები. ბარალდი და ბაღათურია გვაკლდა, მათთან ერთად კი ჩვენი ნაკრები გაცილებით ძლიერია. იყო ბრძოლა, ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ თამაშის დროს ვიგრძენით, რომ მათთან მოგება შეგვიძლია. ასე რომ, ევროპის ჩემპიონატზე სხვა თამაში იქნება.

popsport: საქართველოს ნაკრებში ორი ახალი ლეგიონერია: ვაპენსკი და ბარალდი. რამდენად გააძლიერეს გუნდი?

რურუა: ერთი წელია ჩვენთან არიან, ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშეს დინამოში და ნაკრებიც გააძლიერეს. თავიდან იყო პრობლემები, მაგრამ შემდეგ შეეწყვნენ გუნდს, შეთამაშდნენ და უკვე ყველაფერი რიგზეა. მათთან ერთად, საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერია.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ვარჯიში

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ვარჯიში

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ვარჯიში

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ვარჯიში

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ვარჯიში

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ვარჯიში

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ვარჯიში

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ვარჯიში

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ვარჯიში

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ვარჯიში

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ვარჯიში

popsport: საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე მე-12 ადგილია. უნდა ველოდოთ პროგრესს?

რურუა: პლეი ოფში გასვლა და საუკეთესო 12 გუნდში მოხვედრა დიდი წარმატება იქნება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირში მოხვედრაც არის, ამისთვის კი სწორედ ტოპ 12-ში მოხვედრაა საჭირო. რთული იქნება, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ. 

popsport: რომელი გუნდია ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი?

რურუა: სერბებს, უნგრელებს და იტალიელებს ყველაზე ძლიერი გუნდები ჰყავთ. ჩემპიონატი ბუდაპეშტში ტარდება და უნგრელებისთვის ეს დიდი უპირატესობაა. სერბეთი, უნგრეთი და შემდეგ უკვე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალია. საინტერესო ჩემპიონატი გველოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები