Thumbnail

‘რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს’ – მამუკელაშვილი მალე დაბრუნდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი კალათბურთელი დაახლოებით 1 თვის წინ დაშავდა
  • თანამემამულის შესახებ ზაზა ფაჩულიამაც ისაუბრა

სეტონ ჰოლის 20 წლის ქართველი კალათბურთელის სანდრო მამუკელაშვილის რეაბილიტაციის პერიოდი კარგად მიმდინარეობს და ის მოედანს მცირე ხანში დაუბრუნდება.

როგორც სეტონ ჰოლის მთავარმა მწვრთნელმა კევინ ვილარდმა განაცხადა, ქართველ ფორვარდს მარჯვენა ხელის მოტეხილი მაჯის ძვალიდან ლითონის ნაწილები უკვე ამოუღეს, რაც უკვე იმედისმომცემი ინფორმაციაა.

“ახლა, ასეთი გეგმა გვაქვს. სანდროს მომავალ ორშაბათს კიდევ ერთ გამოკვლევას ჩაუტარებენ და მისი საქმეში დაბრუნების რეალური ვადებიც გვეცოდინება”, - დასძინა ვილარდმა.

თავად მამუკელაშვილმა, რომელსაც ამერიკაში NBA-ს პოტენციურ მოთამაშედ მიიჩნევენ, მცირე ხნის წინ აღნიშნა, რომ მოედანზე გასვლას იანვრის ბოლოს ვარაუდობდა.

დაახლოებით იგივე ინფორმაციას ფლობს ლიგის ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიაც, რომელიც თანამემამულის წარმატებით დიდად არის დაინტერესებული და მას მეურვეობასაც უწევს.

“სანდრო, წესით, თებერვალში უნდა დაბრუნდეს. რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს”.

მამუკელაშვილმა მძიმე ტრავმა დაახლოებით 1 თვის წინ, აიოვა სტეიტთან მატჩში მიიღო და მაშინვე ითქვა, რომ მკურნალობისთვის 6-8 კვირა დასჭირდებოდა.

სეტონ ჰოლში ქართველი ლეგიონერის დაბრუნებას მოუთმენლად ელიან, რადგანაც მას შედეგიანობის მხრივ გუნდში მე-3 მაჩვენებელი აქვს – საშუალოდ 10.9 ქულა და 4.7 მოხსნა.

მამუკელაშვილის არყოფნაში, ჩვენებურის სათამაშო დროს რომარიო გილი (6.4 ქულა, 5.1 მოხსნა, 3.1 დაფარება) და ჯარედ როდენი (8.8 ქულა, 6.1 მოხსნა) ინაწილებენ, თუმცა, ფაქტია, რომ დაბრუნების შემდეგ, სასტარტო ხუთეულში ადგილი ისევ სანდროს ერგება.

ჩვენებურის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სეტონ ჰოლს ლიდერის დაკლება დიდად არ დასტყობია და NCAA-ში ზედიზედ 5 მატჩი აქვს მოგებული.

რაც მთავარია, სეტონ ჰოლმა სამივე საკონფერენციო შეხვედრაში იმარჯვა და ბიგ ისთში პირველ ადგილზე იმყოფება, მიჯრით მე-6 გამარჯვებას კი, 12 იანვარს ეცდება, როდესაც მარკეტ გოლდენ იგლსს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები