Thumbnail

‘ტალახაძეს ეუბნებიან, რომ მეტი არ აწიოს’ – დისკვალიფიცირებული რუსი ქართველებზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ალექსეი ლოვჩევმა, დოპინგის გამო, 4-წლიანი სასჯელი მოიხადა
  • რუსი ძალოსანის თქმით, ‘ქართველი ძალოსნების შესამოწმებლად არავინ მიდის’

ცნობილმა რუსმა ძალოსანმა ალექსეი ლოვჩევმა ინტერვიუ მისცა იუთუბის არხს GoB Channel, სადაც ლაშა ტალახაძეზე აღმატებით ხარისხში ისაუბრა, თუმცა, აშკარად გამოჩნდა, რომ მას ქართველი ძალოსნების მიმართ არცთუ კარგი დამოკიდებულება აქვს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ლოვჩევი სკანდალურად ცნობილი პიროვნებაა. მან სრულიად ძალოსნობის სამყარო 2015 წელს ჰიუსტონში (აშშ) ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გააოცა, როდესაც აკვრასა (264 კგ.) და 2 მოძრაობის ჯამში (475 კგ.) მსოფლიოს რეკორდები დაამყარა.

რუსმა სპორტსმენემა მაშინ სწორედ ტალახაძეს აჯობა, თუმცა, მალევე, მას დოპინგის კვალი აღმოუჩინეს და მკაცრადაც დასაჯეს. ლოვჩევის ოქროს მედალი ლაშას გადაეცა, ამას გარდა, ალექსეის 4-წლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.

ლოვჩევს სასჯელის ვადა მცირე ხნის წინ ამოეწურა და მან ფიცარნაგზე გასვლისთანავე, რუსეთის ჩემპიონატის მოგება მოახერხა, თუმცა კი, ვერ იასპარეზებს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე რადგანაც, საჭირო რაოდენობის სალიცენზიო ტურნირები არ უგროვდება.

ნახერა თქვეს ლაშა ტალახაძეზე სკანდალურ ფილმში - ვიდეო ქართული ტიტრებით

ახლა კი, ლოვჩევის ინტერვიუს ის ეპიზოდები, რაც ძალოსნობის ქართველი ქომაგისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

“იმის მიუხედავად, რომ დისკვალიფიკაცია მქონდა, ჩემზე კონტროლი არ შეწყვეტილა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დარღვევასაც კი ჰქონდა ადგილი. ხშირ შემთხვევაში WADA-ს ან RUSADA-ს წარმომადგენლები იმ დროსაც კი მოდიოდნენ, როდესაც შეთანხმებულნი არ ვიყავით.

მათ რაიმე შეზღუდვა არ აქვთ, პრინციპში, შეუძლიათ, ყოველდღე მომაკითხონ. მაგალითად, ტატიანა კაშირინა 1 კვირის განმავლობაში 3-ჯერ შეამოწმეს. ეს, სწორედ წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მოხდა. აი, ქართველებთან კი, მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არავინ მიდის.

ტალახაძეს კოსმიური შედეგები აქვს. ის დიდ წონებს თავისუფლად წევს და მეტიც შეუძლია. უბრალოდ, ალბათ, ეუბნებიან, რომ მეტი საჭირო არაა. ვფიქრობ, ჯერჯერობით, აჩერებენ.

აღსანიშნავია, რომ ბევრ ძალოსანთან ვკონტაქტობ, მაგრამ ტალახაძესთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. ეს ნამდვილად არ არის იმით გამოწვეული, რომ მისდამი რაღაც ცუდი გრძნობები მაქვს.

არ ვფიქრობ, რომ რადგან ჩემი მეტოქეა, მისდამი ცუდად უნდა ვიყო განწყობილი. აი, ქართული მხრისგან კი რაღაც მსგავსი შემინიშნავს. მოწადინებულები ნამდვილად არ არიან, რომ ჩემთან ურთიერთობა ჰქონდეთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები