Thumbnail
  • ზაზა ფაჩულია ამასწინათ კლეი ტომპსონსაც მიეშველა
  • სტეფ კარის მოედანზე გამოჩენას ოლ სტარის შემდეგ ელიან

გოლდენ სტეიტ უორიორსის ვარსკვლავი სტეფ კარი მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება, რაშიც მას ყოფილი თანაგუნდელი ზაზა ფაჩულიაც ეხმარება.

📺 ზაზა ფაჩულია სტეფა კარის ავარჯიშებს

შეგახსენებთ, რომ სტეფმა მარცხენა ხელი გასული წლის 30 ოქტომბერს ფინიქსთან მატჩში დაიშავა და მას შემდეგ უკვე 35 თამაშის გამოტოვება მოუწია.

კარის წარმატებული ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა, სარეაბილიტაციო პერიოდმა მაინც დიდი დრო წაიღო.

ამ ეტაპისთვის, სტეფი ძირითადად სროლებზე მუშაობს და მართალია, ხელზე სახვევი უკვე მოხსნილი აქვს, ფიზიკურ ორთაბრძოლებში შესვლას ერიდება.

ბოლო ვარჯიშზე მას დახმარებას უორიორსის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ბრუს ფრეიზერი და ზაზა ფაჩულია უწევდნენ, რომელიც ამჟამად გოლდენ სტეიტელთა კონსულტანტია ბიზნესისა და კალათბურთის საკითხებში.

ახალი ამპლუის მიუხედავად, ზაზა მოედანზე ხშირად ჩნდება და ამასწინათ, ვარჯიშისას გუნდის კიდევ ერთ ლიდერ კლეი ტომპსონს მიეშველა, რომელიც ასევე სარებილიტაციო პერიოდს გადის.

უორიორსის დამრიგებელი სტივ კერი სტეფის დაბრუნების კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ კარი მოედანზე ოლ სტარის კვირეულის შემდეგ ანუ დაახლოებით 20 თებერვლიდან გავა.

“მას ისე უნდა თამაში, რომ ვეღარ ითმენს, თუმცა, ამ ეტაპზე აჩქარება საჭირო არაა”, - ამბობს კერი.

კომენტარები

ბოლო ამბები