Thumbnail
  • ALL STAR-ის გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგები 
  • მოახლოებული მატჩი 16 თებერვალს ჩიკაგოში ჩატარდება

NBA ALL STAR 2020 16 თებერვალს გაიმართება. ყველა ვარსკვლავის მატჩს ჩიკაგო ბულსის არენა უმასპინძლებს. ეს იქნება რიგით 69-ე ოლ სტარი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ისტორიაში.

NBA-მ გამოკითხვის შუალედური შედეგები მეორედ გამოაქვეყნა. დასავლეთ კონფერენციაში ყველაზე მეტი ხმა ლებრონ ჯეიმსს აქვს, ხოლო აღმოსავლეთში ლიდერი იანის ანტეტოკუნმპოა. პირველ ჯერზე ყველაზე მეტი ხმა ლუკა დონჩიჩს ჰქონდა, რომელსაც ლებრონმა გადაასწრო, თუმცა იანისი ისევ სლოვენიელის უკანაა.

შეგახსენებთ, რომ დონჩიჩი პირველ ALL STAR-ზე მოსახვედრად იბრძვის. შარშან, ლუკა მხოლოდ ლებრონსა და იანისს ჩამორჩა, თუმცა მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა საკმარისი ხმები არ მისცეს.

გამოკითხვა რომ ახლა სრულდებოდეს, დასავლეთ კონფერენციის სტარტერები ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), ენტონი დევისი (ლეიკერსი), კავაი ლეონარდი (კლიპერსი), ლუკა დონჩიჩი (დალასი) და ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი) იქნებოდნენ.

რაც შეეხება აღმოსავლეთს, აქ სტარტერებში იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია), პასკალ სიაკამი (ტორონტო), ტრეი იანგი (ატლანტა) და ჯიმი ბატლერი (მაიამი) ითამაშებდნენ.

პირველი გამოკითხვის შემდეგ, აღმოსავლეთის სასტარტო ხუთეულიდან კაირი ირვინგი (ბრუკლინი) ამოვარდა.

ფანების ხმას სტარტერების შერჩევისას 50%-იანი ძალა აქვს, 25% კალათბურთელებსა და 25% მწვრთნელებზე ნაწილდება. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, კონფერენციაში ყველაზე მეტი ხმის მფლობელები კონფერენციების კაპიტნები იქნებიან და სხვა კალათბურთელების არჩევის უფლებაც ექნებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები