Thumbnail
  • ქართველ ფეხბურთელს სარაგოსაში არ ენდობიან
  • გიორგი პაპუნაშვილი ისევ ლა ლიგა 2-ში ითამაშებს

24 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი, რომლის ესპანური სარაგოსადან წასვლაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, კარიერას სავარაუდოდ ლა ლიგა 2-ს ბინადარვე ექსტრემადურაში განაგრძობს.

ესპანური პრესის ცნობით, კლუბებს შორის შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია და გარიგება, რომელიც პაპუნაშვილის სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გაშვებას ითვალისწინებს, უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

ქართველ ნახევარმცველს, რომელიც ტრავმებმა გააწამეს, მიმდინარე სეზონში მცირე სათამაშო დრო აქვს, გუშინ, ხიხონის სპორტინგთან მოგებულ (2:0) მატჩში კი, ის არაგონული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ ფერნანდესმა განაცხადში არ შეიყვანა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

აქამდე, პაპუნაშვილის ყველაზე რეალურ მსურველებად ასევე ლა ლიგა 2-ში მოთამაშე რასინგი და ლუგო ითვლებოდნენ, იყო ბერძნული პანათინაიკოსის ვარიანტიც, თუმცა, შეთანხმება ვერცერთთან მოხერხდა, ახლა კი, საქმე გადაწყვეტილად მოსჩანს.

ცნობისთვის, თუკი სარაგოსას 36 ქულით მე-3 ადგილი უკავია და ლა ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის, ექსტრემადურა 22 ქულით მეცხრამეტეა და უმთავრეს მიზნად ლა ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნება აქვს დასახული.

აღნიშნულის მიუხედავად, პაპუნაშვილისთვის ექსტრემადურაში გადასვლა სწორი ნაბიჯი უნდა იყოს, რადგანაც მისთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკის მიღებაა, რისი პრობლემაც ახალ გუნდში, წესით, არ უნდა ჰქონდეს. ექსტრემადურას მომდევნო მატჩი 16 იანვარს, სტუმრად, ხირონასთან ელის.

გიორგი სარაგოსაში 2017 წლიდან ირიცხება და 51 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 14 მატჩი აქვს ჩატარებული და აქტივში 3 გოლი გააჩნია.

კომენტარები

ბოლო ამბები